ირმის ნახტომში აღმოჩენილია სხვა გალაქტიკიდან მოსული უცნაური ვარსკვლავი
ჩვენს გალაქტიკაში არსებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონები შესაძლოა, გალაქტიკაშორის ლტლოვილებს მასპინძლობდნენ.
დიდი დათვის თანავარსკვლავედში ასტრონომებმა ახლახან აღმოაჩინეს უცნაური ვარსკვლავი, რომელიც ირმის ნახტომის სხვა არც ერთ ვარსკვლავს არ ჰგავს.
ამ უცნაურ სხეულს ოფიციალურად J1124+4535 უწოდეს და როგორც ჩანს, მას უჩვეულო ქიმიური შემადგენლობა და წარმომავლობა აქვს.
ჩინეთში განთავსებული სპექტროსკოპიული ტელესკოპის გამოყენებით, მკვლევრებმა შენიშნეს, რომ ეს განსაკუთრებული ვარსკვლავი შეიცავს გაცილებით მცირე ოდენობის მაგნიუმსა და რკინას, ვიდრე მისი მეზობელი ვარსკვლავები.
აღმოჩენა დაადასტურა იაპონიის სუბარუს ტელესკოპმაც და ამავე დროს დაადგინა, რომ სამაგიეროდ, ეს ვარსკვლავი დიდი ოდენობით შეიცავს ქიმიურ ელემენტ ევროპიუმს, გაცილებით მეტს, ვიდრე ჩვენი მზე.
ასეთი პროპორცია ასტრონომებს ჩვენი გალაქტიკის სხვა არც ერთ ვარსკვლავში არ უნახავთ, რამაც მათ აფიქრებინა, რომ ეს ვარსკვლავი გალაქტიკათშორისი სივრციდან იყოს მოსული — ირმის ნახტომის მიერ ერთ დროს გადაყლაპული ჯუჯა გალაქტიკის ეული ნაშთი.
ავტორთა განმარტებით, ასეთი ვარსკვლავები უხვად არის თანამედროვე ჯუჯა გალაქტიკებში, რაც ნათელი ქიმიური მტკიცებულებაა იმისა, რომ მისი დედაგალაქტიკა ერთ დროს ირმის ნახტომმა გადასანსლა.
J1124+4535-ის მსგავსი ვარსკვლავები უკიდურესად იშვიათია დანამდვილებით ცხადია, რომ ის მოსულია ჩვენი გალაქტიკის გარედან. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის სამყაროში ერთადერთია. ცოტა ხნის წინ, ასტრონომებმა შენიშნეს ლითონების ასეთივე დაბალი შემცველობის მქონე ვარსკვლავები, რომლებიც ირმის ნახტომის პერიფერიებში დაჰქრიან.
გარდა ამისა, კვლევის ავტორები ასევე განმარტავენ, რომ თითქმის ასეთივე შემადგენლობა აქვს ირმის ნახტომის გარშემო მოძრავ ჯუჯა გალაქტიკებში წარმოქმნილ ვარსკვლავებს. მათში განსაკუთრებით დაბალია ნატრიუმის, სკანდიუმის, ნიკელისა და თუთიის შემცველობა.
როგორც კვლევის პრესრელიზში წერია, ასეთი ვარსკვლავები გალაქტიკათშორისი გაზისგან წარმოიქმნება.
მშობელ გაზის ღრუბელში არსებულ ელემენტთა პროპორციები ასახვას ჰპოვებს მასში წარმოქმნილ ვარსკვლავებშიც. შესაბამისად, ერთმანეთთან ახლოს დაბადებულ ვარსკვლავებს ელემენტები მსგავსი პროპორციებით აქვთ.
ასეთი მსგავსების გამო, ასტრონომები ფიქრობენ, რომ J1124+4535 უნდა მოსულიყო უნდა დაბადებულიყო ერთ-ერთ უძველეს ჯუჯა გალაქტიკაში.
კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.