ირმა პავლიაშვილი - ჩვენი წყარო საუბრობდა თათბირზე, რომელიც სავარაუდოდ, 5 ნოემბრის კვირაში გაიმართა
ჩვენ, როგორც უფლებადამცველებს, კანონი არ გვავალდებულებს, რომ ინფორმაციის წყაროს ვინაობა გავამხილოთ, – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირმა პავლიაშვილმა პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა.
როგორც ირმა პავლიაშვილმა აღნიშნა, თუ შესაბამისი ორგანოები დაინტერესდებიან, მათ შეუძლიათ ეს გამოიძიონ.
„გვაქვს ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც წარვუდგინეთ საზოგადოებას და ამ ფაქტთან დაკავშირებითმ ჩვენი რესურსისა და უფლებადამცველის მანდატმა რისი შესაძლებლობაც მოგვცა, ეს იყო გადამოწმება, ნამდვილად იმყოფებოდნენ თუ არა ეს პირები მივლინებაში . ორ შემთხვევაში სწორედ დადასტურდა მივლინების ფაქტი. დანარჩენი უკვე საგამოძიებო უწყებების პრეროგატივაა. ჩვენ არ ვართ საგამოძიებო ორგანო და არ შეგვეძლო საგამოძიებო მოქმედებები ჩაგვეტარებინა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით წარიმართოს გამოძიება და დადასტურდეს ჭეშმარიტება”, – განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.
მისივე თქმით, წყაროს ჰქონდა შიშები უსაფრთხოებაზე და ეს ინფორმაცია კონფიდენციალობის დაცვით გაამჟღავნა.
„ჩვენ, როგორც უფლებადამცველებს არ გვავალდებულებს კანონი, რომ გავამხილოთ წყაროს ვინაობა. საინტერესოა, რომ წყარო საუბრობდა თათბირზე, რომელიც სავარაუდოდ, 5 ნოემბრის კვირაში გაიმართა, შესაბამისად, თუ საგამოძიებო ორგანო დაინტერესდება, შეუძლია, ინფორმაცია გადაამოწმოს და ნახოს, რეალურად იყო თუ არა თათბირი. ჩვენ არც იმაზე გვაქვს ინფორმაცია, კონკრეტულად ახალი ID ბარათების ბეჭდვა მიმდინარეობდა, თუ ძველის, ასევე რომელი ტერიტორიული ორგანოდან ხდებოდა გაცემა, თუ დაბეჭდვა. ვიცით, რომ ორი შემთხვევაა იდენტიფიცირებული, სადაც სავარაუდოდ ხდება მომზადება, ეს არის წალენჯიხა და გარდაბანი, ამიტომ მნიშვნელოვანია, საგამოძიებო უწყებებმა საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში შეისწავლონ დეტალური ინფორმაცია”, – განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.
მისივე თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ ერთ პირზე ხუთი პირადობის მოწმობის გაცემა ხდება, ფოტოსურათი იქნება ერთი და იგივე პირის, თუმცა სახელი, გვარი და პირადობის ნომერი შეიცვლება. „საგამოძიებო უწყებებმა ამ მიმართულებითაც უნდა მოიძიონ ინფორმაცია”, – აცხადებს პავლიაშვილი.