ირმა პავლიაშვილი აცხადებს, რომ თათბირს, სადაც სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვის შესახებ გახდა ცნობილი, მათი წყარო არ ესწრებოდა
თათბირს, სადაც ცნობილი გახდა, რომ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობები უნდა დაებეჭდათ, ჩვენი ინფორმაციის წყარო არ ესწრებოდა, – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირმა პავლიაშვილმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
როგორც ირმა პავლიაშვილმა აღნიშნა, პროკურატურის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა გუშინდელ პრესკონფერენციაზე.
„პროკურატურაში დაგვისვეს კითხვა გავამჟღავნებდით თუ არა მოწმის მონაცემებს და იდენტიფიცირება მოხდებოდა თუ არა. ამასთან დაკავშირებითაც ჩვენი პოზიცია იყო იგივე, რომ დავიცავდით მოწმის კონფედენციალობას უფლებადამცველების მანდატიდან გამომდინარე, ვინაიდან ჩვენ ვსარგებლობთ აბსოლუტური პრივილეგიით, რა შემთხვევაშიც პროფესიული საიდუმლოების დროს გამჟღავნებული ინფორმაცია არ უნდა გახდეს საჯარო. არავინ არ არის უფლებამოსილი, რომ ეს ინფორმაცია გაგვავრცელებინოს“, – განაცხადა პავლიაშვილმა.
მისივე თქმით, პროკურატურას იგივე ინფორმაცია მიაწოდეს, რომელზეც გუშინდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
„ახლა უკვე საგამოძიებო უწყებებმა უნდა მოახერხონ საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება. საუბარი არ ყოფილა, თუ რა მასშტაბის პირადობები დაიბეჭდებოდა. ასეთ ინფორმაციას არც ჩვენ არ ვფლობთ. წყაროს ინფორმაციით, ერთ პირზე დაიბეჭდებოდა ხუთი პირადობა, სადაც ფოტო იქნებოდა ერთი და იგივე მხოლოდ სახელი, გვარი და პირადი ნომერი შეიცვლებოდა. ამ ეტაპისთვისსაარჩევნო ადმინისტრაციიდან ერთიანი სიები გვაქვს გამოთხოვილი, ასევე გამოვითხოვეთ ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც, არაუგვიანეს 15 ნოემბრიდან სააგენტომ მიაწოდა იმ პირთა სია, ვისაც 18 წელი უსრულდებოდა მეორე ტურისთვის. საინტერესოა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ადამიანების მონაცემების დაზუსტება ხორციელდებოდა და საარჩევნო რეგისტრაცია მიმდინარეობდა, ამიტომ ერთიანობაში ამ მიმართულებითაც გავაგრძელებთ საკითხის შესწავლას”, – განაცხადა პავლიაშვილმა.
კითხვაზე, თქვენი წყარო თუ ესწრებოდა თათბირს, პავლიაშვილის განმარტებით, წყარო პირადად არ ესწრებოდა. „წყარომ იცის, რომ ჩატარდა თათბირი”, – განაცხადა პავლიაშვილმა.