ირმა ნადირაშვილი - „სითი პარკთან“ კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ თბილისელებისთვის არანაირი გაუმჯობესება არ მომხდარა
ირმა ნადირაშვილი - „სითი პარკთან“ კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ თბილისელებისთვის არანაირი გაუმჯობესება არ მომხდარა

„სითი პარკთან“ კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, თბილისელებისთვის არანაირი გაუმჯობესება არ მომხდარა,  ერთადერთი ცვლილება იყო, რომ კახა კალაძე ჩაძვრა ამ ბიზნესში და „სითი პარკის“ ნაცვლად კალაძე და მისი გარემოცვა სარგებლობდა ამ ბიზნესისგან, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატი თბილისის მერიასა და კომპანია „სითი პარკს“ შორის დავის შეწყვეტის საკითხს გამოეხმაურა.

„სითი პარკის“ კონტრაქტთან დაკავშირებით ცნობილი გახდა, რომ მერიამ გადასახადების გადამხდელთა ფული გადაიხადა პირგასამტეხლოდ, ანუ 12 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა, როგორც ჯარიმა იმის გამო, რომ თავის დროზე „სითი პარკთან“ დაარღვია კონტრაქტი. კახა კალაძე ჩამოყალიბდა პროფესიონალ ცრუპენტელად. ის აკეთებდა განცხადებას, რომ ბიუჯეტს არც ერთი თეთრი არ დაუჯდებოდა ამ კონტრაქტის გაწყვეტა და წინასაარჩევნოდ იძლეოდა ამ დაპირებებს. ახლა აღმოჩნდა, რომ სწორედ ბიუჯეტიდან 12 მილიონ ლარზე მეტი იყო გადახდილი „სითი პარკისთვის“. ცხადია, ამ თანხის გამოყენება შესაძლებელი იყო სხვადასხვა პროექტებისთვის. მათ შორის სოციალური პროექტებისთვის, მაგრამ კახი კალაძის ტყუილი დააწვა ტვირთად, სწორედ ბიუჯეტსა და თბილისელებს.

ასევე, ხაზი მინდა გავუსვა, რომ თბილისელებისთვის არანაირი გაუმჯობესება არ მომხდარა, როგორც „სითი პარკი“ აჯარიმებდა და გადაჰყავდა საჯარიმოზე, როგორც მას ჰქონდა ინფრასტრუქტურა აწყობილი, აქ არაფერი შეცვლილა. არ მოხდა დაპირებისამებრ ავტოგასამართი სადგურების მოწყობა, ინფრასტრუქტურაში საერთოდ არანაირი ცვლილება არ ყოფილა. ერთადერთი ცვლილება იყო, რომ კახა კალაძე ჩაძვრა ამ ბიზნესში და „სითი პარკის“ ნაცვლად კალაძე და მისი გარემოცვა სარგებლობდა ამ ბიზნესისგან. ეს არის ცვლილება, რომელიც თბილისელებმა მიიღეს“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ კომპანია „სითი პარკმა“ დავა შეწყვიტა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და კომპანია „სითი პარკს“ შორის შეთანხმება შედგა.

ამასთან, როგორც შპს „სითი პარკში“ განაცხადეს, შეთანხმების შედეგად, მხარეებმა თავიდან აიცილეს მნიშვნელოვანი დანახარჯები, რომლის გაწევაც მოუხდებოდათ საარბიტრაჟო დავის წარმართვის პროცესში.