ირმა ნადირაშვილი - შემოთავაზება, გადაითვალოს უბნები საჭირო რაოდენობით, მორიგი სისულელეა, არ არსებობს ნდობა, რომ ბიულეტენებში წინასწარ ყველაფერი არ არის გასწორებული
შემოთავაზება, რომ გადაითვალოს საარჩევნო უბნები საჭირო რაოდენობით, არის მორიგი სისულელე, რადგან ეს ბიულეტენები ამდენი ხნის განმავლობაში იყო თამარ ჟვანიას ხელში, რომელმაც პირდაპირ დაჯღაბნა ოქმები და ასე დასვა არჩევნების შედეგი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომლითაც ირაკლი კობახიძის დღევანდელ ბრიფინგს გამოეხმაურა.
ნადირაშვილის განმარტებით, „ევროპული საქართველო“ მმართველი პარტიის შეთავაზებას არ მიიღებს.
„მსგავსი სისულელეები კობახიძისგან არაერთხელ მოგვისმენია, ცხადია, მას დღევანდელ ბრიფინგზე არაფერი ახალი არ უთქვამს. შემოთავაზება, რომ გადაითვალოს საარჩევნო უბნები საჭირო რაოდენობით, ეს არის მორიგი სისულელე, რადგან ეს ბიულეტენები ამდენი ხნის განმავლობაში იყო თამარ ჟვანიას ხელში, რომელმაც პირდაპირ დაჯღაბნა ოქმები და ასე დასვა არჩევნების შედეგი.
შესაბამისად, არ არსებობს არანაირი ნდობა, რომ ამ ბიულეტენებში უკვე წინასწარ ყველაფერი არ არის გასწორებული. შესაბამისად, ოპოზიციური პარტიები და „ევროპული საქართველო“ ამ შეთავაზებას არ მიიღებენ. ჩვენი მოთხოვნები არის გასაგები, ეს არის რიგგარეშე არჩევნები, რომელსაც წინ უნდა უძღოდეს საარჩევნო სისტემის შეცვლა. ამიტომ ცხადია, ეს არის ირაკლი კობახიძის კიდევ ერთი გამოსვლა გამოსვლისთვის, არ ცვლის ვითარებას და ჩვენ ამ წინადადებას არ მივიღებთ“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადბეის იმ ნაწილს, სადაც ის აღნიშნავს, რომ დაგეგმილი საარჩევნო რეფორმის ძირითადი ასპექტები ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებების პროცესში შეჯერდა, ნადირაშვილის თქმით, მისთვის ფრიდონ ინჯია არც ოპოზიცია და არც მრავალპარტიული პარლანმენტი არ არის.
„მე არ ვიცი, კობახიძე შესაძლოა, ოპოზიციას ეძახის ფრიდონ ინჯიას. ჩვენთვის ფრიდონ ინჯია არ არის არც ოპოზიცია, არც მრავალპარტიული პარლამენტი. ის არის ღრმად კორუმპირებული შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკი, რომლის პარლამენტში შესვლა თავის აფსონებთან ერთად არაფერს ცვლის. ცხადია, ოპოზიციას აქვს თავისი ხედვა და უმრავლესობისთვის აქვს გაგზავნილი დოკუმენტი, როგორ წარმოუდგენია საარჩევნო სისტემის შეცვლა ისე, რომ ბიძინა ივანიშვილი არ წერდეს შემდეგ შედეგს, ჩვენ კონსულტაციები ამ თემებზე არ გვქონია, ჩვენ გვქონდა ოფიციალურად გაგზავნილი დოკუმენტი, როგორ ვხედავთ შეცვლილ საარჩევნო სისტემას, მაგრამ პირველ რიგში ეს უნდა იყოს რიგგარეშე ხელახალი არჩევნების დანიშვნა და, ცხადია, ამის შემდეგ უნდა ვისაუბროთ საარჩევნო სისტემის შეცვლაზე, ასევე აუცილებელი პირობაა პოლიტპატიმრების გათავისუფლება“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ სთავაზობენ ოპოზიციურ პარტიებს, ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობაში და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში, გადამოწმდეს იმდენი საარჩევნო უბნის მონაცემები, რამდენიც საჭიროდ ჩაითვლება სიმართლის დასადგენად.
მისივე თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნება თებერვლის პირველივე კვირაში და მოიწვევენ ყველა საერთაშორისო, თუ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას.