ირმა ნადირაშვილი - მუქარა, რომ შეწყდება დაფინანსება, არის შანტაჟის ენით საუბარი, პოლიტიკურ პარტიებს დაფინანსება აქვთ იმისთვის, რომ მრავალფეროვნება იყოს პოლიტიკაში
ეს არის ბიძინა ივანიშვილის ისტერიული რეაქცია იმაზე, რომ მან ვერ გატეხა ოპოზიცია და მიიღო ერთპარტიული პარლამენტი, -ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი პარლამენტში შესულ კანონპროექტს, რომლიც მიხედვითაც, შრომის ანაზღაურება გაუნულდებათ პარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც თვის განმავლობაში არც ერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.
ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით ივანიშვილს სურს, გარეთაც პოლიტიკური ვითარება იყოს ერთპარტიული, ისევე როგორც პარლამენტში. მისი თქმით, ოპოზიციის რეაქცია იქნება ცალსახა, ნათელი და ისინი არ შეცვლიან თავიანთ გადაწყვეტილებას, ხოლო პარლამენტს მოუწევს თავისი საქმიანობის ერთპარტიულ სტილში გაგრძელება.
„ეს არის ბიძინა ივანიშვილის ისტერიული რეაქცია იმაზე, რომ მან ვერ გატეხა ოპოზიცია და ვერ შეძლო პარლამენტში ოპოზიციის შეყვანა და მიიღო ერთპარტიული პარლამენტი. მუქარა, რომ შეწყდება დაფინანსება, ეს არის შანტაჟის ენით საუბარი, პოლიტიკურ პარტიებს დაფინანსება აქვთ იმისთვის, რომ იყოს მრავალფეროვნება პოლიტიკაში, პლურალიზმი და დემოკრატია. როდესაც ამ ნაბიჯით იმუქრები, ეს ნიშნავს, რომ გინდა ერთპარტიული იყოს გარეთაც პოლიტიკური ვითარება, ისევე როგორც ეს ხდება პარლამენტში. რაც შეეხება მცდელობას, რომ გაუუქმოს რეგისტრაცია ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, ეს არის პირდაპირი ნაბიჯი პუტინის რუსეთისაკენ და ლუკაშენკოს ბელორუსისკენ. რაც შეეხება ოპოზიციის რეაქციას, ალბათ ეს იქნება ძალიან ცალსახა და ნათელი, შანტაჟის ენით საუბარი, დაფინანსების შეწყვეტა, მუქარა რეგისტრაციების გაუქმების შესახებ, ვერ შეცვლის ვითარებას, რომ ქვეყანაში არის ერთპარტიული პარლამენტი, ჩვენ არ შევცვლით ჩვენს გადაწყვეტილებებს და ჩრდილოეთ კორეის პარლამენტს მოუწევს თავისი საქმიანობის ამ სტილში გაგრძელება“, – განაცხადა ნადირაშვილმა.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტთა პაკეტი, რომლის თანახმად, პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ. ამასთან, შრომის ანაზღაურება გაუნულდებათ პარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც თვის განმავლობაში არც ერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.
გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს.