ირმა ნადირაშვილი - კობა გვენეტაძე რეგლამენტს არღვევს და ეს საკითხი საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უნდა განიხილოს
ოპოზიციონერი დეპუტატი ირმა ნადირაშვილი საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს გიორგი კახიანს მიმართავს, განიხილოს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე როგორ არღვევს რეგლამენტს და შემდეგ ეს საკითხი ბიუროს სხდომაზე გაიტანოს.
როგორც ჟურნალისტებს ნადირაშვილმა განუცხადა, „ევროპულმა საქართველომ“ „თიბისი ბანკზე“ კობა გვენეტაძე საკანონმდებლო ორგანოში მოიწვია და მას შესაბამისი წერილი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ გადაუგზავნა, თუმცა ამის შემდეგ სამ კვირაზე მეტი გავიდა და უწყებაში არ გამოცხადდა.
„რა მოხდა „თიბისი ბანკის“ მიმართ და რა როლი აქვს ეროვნულ ბანკს, პასუხები ღია რჩება, რადგან კობა გვენეტაძემ ვერ გადაწყვიტა და პარლამენტს თარიღი ვერ გააგებინა, როდის მოახერხებს მოსვლას. საქმე რეგლამენტის დარღვევასთან გვაქვს, ამიტომ გიორგი კახიანს მივმართავ, მისმა კომიტეტმა განიხილოს, გვენეტაძე რეგლამენტს როგორ არღვევს და საკითხი ბიუროს სხდომაზე გამოიტანოს”, – აცხადებს ნადირაშვილი.
დეპუტატი განმარტავს, რომ მათი მხრიდან კობა გვენეტაძე პარლამენტში ახალ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებითაც არის დაბარებული.
„გვენეტაძემ თქვა, რომ ახალი რეგულაციების შედეგებზე სასაუბროდ კვარტლის ბოლოს მზად იქნება. ეს მოსმენა სწრაფად უნდა შედგეს. თუ გვენეტაძე ჯერ კიდევ ვერ მიხვდა, რამხელა შარში გახვია მთელი ქვეყანა და როგორ ემუქრება მისი რეგულაციები ბიზნესს, ადამიანებს, სამუშაო ადგილებს და რა მძიმე მდგომარეობაში არიან ჩამდგარი ადამიანები, მოვიდეს და პირველი კვარტლის შედეგები წარადგინოს“, – განაცხადა ნადირაშვილმა.