„პატრიოტთა ალიანსში“ აცხადებენ, რომ მოსალოდნელი პროვოკაციების გამო, ქუთაისში დაგეგმილ აქციას აუქმებენ
„პატრიოტთა ალიანსი“ შაბათს ქუთაისში დაგეგმილ აქციას აუქმებს.
პარტიის ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ მათ წინააღმდეგ პროვოკაციები იგეგმებოდა, რის გამოც აქციის ჯერ ქუთაისში გადატანის, შემდეგ კი გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს.
მისი განცხადებით, არჩევნების შემდეგ „ვოთსაფში“ მოუვიდა ხმოვანი შეტყობინება, რუსულ ენაზე, რომლის მიხედვითაც გროზნოში მცხოვრები ვინმე საიდ ახმედი მას მიმართავდა და ინტერესდებოდა, როგორ ჩაიარა არჩევნებმა.
ინაშვილი აცხადებს, რომ მსგავს პიროვნებას არ იცნობს და ესეც დაგეგმილი პროვოკაციაა.
პარტიის ლიდერმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გადაწყვეტილება პარლამენტში არშესვლისა და ხელახალი არჩევნების მოთხოვნის თაობაზე, ძალაში რჩება.
„ქართულმა ოცნებამ“ ტოტალურად და სამარცხვინოდ გააყალბა ეს არჩევნები. ჩვენი პარტია ვერანაირად ვერ აიღებდა ასეთ დაბალ პროცენტს. ამავდროულად ამ სრულიად უგუნური ქმედებით ხელისუფლებამ ქვეყანაში შექმნა უამრავი დაძაბულობის კერა. ყველამ იცის, რომ ჩვენს პარტიას ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს და ჩვენ საპროტესტო აქციებზე ყველაზე დიდი რაოდენობის მხარდამჭერების მობილიზება შეგვიძლია, ამიტომაც დავნიშნეთ აქცია ჯერ თავისუფლების მოედანზე, რასაც მოჰყვა „ქართული ოცნების“ ბრალდებები, თითქოსდა სხვებთან ერთად ვმოქმედებთ, ან რუსეთის ნებით, ან ყაჩაღურ თავდასხმებს ვაპირებთ, რაც აბსურდია. ამის გამო ჩვენ გადავიტანეთ მიტინგი ქუთაისში. მიაქციეთ ყურადღება, რომ მატყუარა, არჩევნების გამყალბებელი კობახიძე ჩვენებებს იძლევა სუს-ში და ლაპარაკობს რაღაც შეთქმულებაზე. ბრიფინგებზე „ქართული ოცნების“ ლიდერები ღიად საუბრობენ რაღაც რუსულ კვალზე, ამავდროულად ჩემს ინტერნეტ პლანშეტზე, რომელსაც მე მხოლოდ ფეისბუქისთვის ვიყენებ, მომდის ასეთი სახის გზავნილები. ცხადია, თქვენ ხვდებით, რომ არც ვინმეს საიდ ახმედს ვიცნობ და საერთოდ არავისთან მაქვს კონტაქტი. ეს ვინმე საიდან ახმედი თუ დააკვირდებით, მესაუბრება ისე, თითქოს ჩემი ახლობელი იყოს. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, არანაირ საიდ ახმედს არ ვიცნობ და ეს გზავნილი, რომელიც მივიღე, გამოქვეყნდება მედიაში. ჩვენმა პარტიამ, პოლიტსაბჭომ იმსჯელა და მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე გავაუქმოთ ქუთაისის აქციაც, ეს არ ნიშნავს, რომ არ იქნება საპროტესტო აქციები. ჩვენ ვიღებთ რამდენიმეკვირიან პაუზას, რათა თავიდან ავიცილოთ პროვოკაციები და ბრალდებები რუსულ კვალთან ან რაიმე შეთქმულებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მისივე თქმით, პარტიის პოზიცია არ შეცვლილა და ისინი არ გეგმავ პარლამენტში შესვლას, ითხოვენ ხელახალ არჩევნებს.
„ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობას ჩვენ ვაკისრებთ „ქართულ ოცნებას“, რომელმაც სამარცხვინოდ გააყალბა არჩევნები და თავად გამოიწვია ეს კრიზისი“, – განაცხადა ინაშვილმა.