„პატრიოტთა ალიანსმა“ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტის თავმჯდომარეს ოფიციალურად მიმართა
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს პარტიის ოთხი დეპუტატის სახელით ოფიციალურად მიმართა.
ირმა ინაშვილის განცხადებით, ვინაიდან საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულია და ოპოზიციამ ამის ბევრი მტკიცებულება წარადგინა, ის პროცესს არალეგიტიმურად მიიჩნევს და უარს ამბობს მეათე მოწვევის პარლამენტში მიღებული მანდატის გამოყენებაზე.
„მე, ირმა ინაშვილი არ ვიქნები მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი. მკაფიოდ ვამბობ, ეს არჩევნები გაყალბდა სრულიად წარმოუდგენლად, ვერანაირ გაყალბებაში ვერ ჯდება და ვერანაირი მათემატიკური ან სხვა რაიმე ფორმულით ვერ იხსნება, რომ ჩვენ პარტიას მიეღო სამი პროცენტი. ძალიან ბევრი მტკიცებულება და ფაქტია, რომ არჩევნები გაყალბდა და სრულიად უსაგნოა „ქართული ოცნების“ ლოგიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ არ შეგვიძლია რაიმე დავამტკიცოთ. დამტკიცებულია არაერთი ფაქტით და თუნდაც იმ 164 პროცენტიანი გამომზეურებული ოქმებით. შესაბამისად, ჩვენ დღეს ვტოვებთ მანდატებს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერთან ერთად პარლამენტის კანცელარიაში განცხადება „პატრიოტთა ალიანსის“ კიდევ ერთმა ლიდერმა, გოჩა თევდორაძემაც შეიტანა.
შეგახსენებთ, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტისთვის ამ დრომდე არ მიუმართავთ პარტია „მოქალაქეებს“, ასევე იაგო ხვიჩიასა და ვახტანგ მეგრელიშვილს.