ირმა ინაშვილი - უკანონობისა და გაყალბების უპრეცედენტო მასშტაბების გამოსწორება შესაძლებელია მხოლოდ ხელახალი არჩევნების დანიშვნით
გაყალბებული არჩვენების შედეგად პარლამენტში შესვლა და დეპუტატის მანდატის მიღება არის აბსოლუტურად უღირსი საქციელი, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.
როგორც ირმა ინაშვილმა აღნიშნა, 31 ოქტომბრის არჩევნები ტოტალურად და სამარცხვინოდ გაყალბდა.
„ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და მოქალქეებისთვის ხმის წართმევა, ყველა მოქალაქემ უნდა გააპროტესტოს ეს. ჩვენ დასაწყისშივე განვაცხადეთ, რომ ვიმოქმედებდით ერთი მხრივ, სამართლებრივი გზით და საჩივრდება უამრავი ოქმი, მეორე მხრივ, კი ვიმოქმედებთ საპროტესტო აქციების გზით. ამასობაში „ქართული ოცნება“ ჩვენს წინააღმდეგ რთავს პროპაგანდისტულ კამპანიას, თითქოს, ჩვენ არ ვმოქმედებთ მარტო. ისინი ცდილობენ დათესონ აზრი, რომ ჩვენ ვმოქმედებთ სააკაშვილის, ბოკერიასა და სხვა პარტიებთან ერთად, ასევე ცდილობენ დათესონ აზრი, რომ რუსეთის დავალებით ვაპირებთ დესტრუქციულ ქმედებებს, რაც არის აბსურდი. ამის პარალელურად ინერგება აზრი, თითქოს, რაღაც უკანონო და ბანდიტურ მოქმედებებს ვგეგმავთ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე იმსჯელა ჩვენმა პოლიტსაბჭომ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველი აქცია ჩავარატოთ არა თბილისში, თავისუფლების მოედანზე, არამედ დავიწყოთ აქციების ციკლი ქუთაისიდან. პირველი აქცია ჩატარდება ქუთაისში, შემდეგი აქციები სხვა ქალაქებში და გადმოვინაცვლებთ ბოლოს თბილისში. გაყალბებული არჩევნების შედეგად პარლამენტში შესვლა და დეპუტატის მანდატის მიღება არის აბსოლუტურად უღირსი საქციელი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მისივე თქმით, ეს არჩევნები არის გაყალბებული, უნდა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და „პატრიოტთა ალიანსს“ აქვს კატეგორიულია პოზიცია, რომ არ შევა პარლამენტში.
„სამართლებრივი გზა გასავლელია და ჩვენ გავდივართ ამ სამართლებრივ გზას, ასევე მუდმივად გვაქვს კავშირი საერთაშორისო პარტნიორებთან, ცოტა ხანში ეუთო-ს წარმომადგენლებთანაც გვექნება საუბარი, მაგრამ ეს პროცესის ერთი მხარეა. შეუძლებელია, გასწორდეს გაყალბების ის მასშტაბი, რაც სახეზე გვაქვს. უკანონობისა და გაყალბების უპრეცედენტო მასშტაბების გამოსწორება შესაძლებელია მხოლოდ ხელახალი არჩევნების დანიშვნის შედეგად“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.