ირმა ინაშვილი - სოლიდარობას ვუცხადებ სალომე ზურაბიშვილს, რადგან ეს რეალური მუქარაა, მეც მემუქრებოდნენ სნაიპერები უკრაინიდან
სოლიდარობას ვუცხადებ სალომე ზურაბიშვილს, რადგან აღნიშნული მუქარა ზუსტად რეალური მუქარაა, მე გავიარე ეს თქვენს ხელში, – ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებს.
ინაშვილის თქმით, მასაც ემუქრებოდნენ სამხედრო პირები უკრაინიდან.
„სალომე ზურაბიშვილი არის ჩვენი კოლეგა, პარლამენტის წევრი, დეპუტატი, ქალი დეპუტატი. ამდენს რომ საუბრობთ გენდერზე და დიდი მოხსენებებით გამოდიხართ ხოლმე პარლამენტის სხდომაზე და საერთაშორისო ფორუმებზე, დღეს ამ მანდილოსანმა პოლიტიკოსმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა, რომლის მხარდამჭერიც მე არ ვიყავი პირველ ტურში და მეორე ტურში „ქართულმა ოცნებამ“ იძულებული გამხადა, მხარდამჭერი, გააკეთა განცხადება, რომ მუქარაა მის შვილებზე და მასზე ყოფილი სამხედრო პირების მხრიდან. სოლიდარობას ვუცხადებ სალომე ზურაბიშვილს, რადგან ეს მუქარა ზუსტად რეალური მუქარაა. მე გავიარე ეს თქვენს ხელში და რაღაც არ მახსენდება ხმა რომ ამოგეღოთ ბატონო რომან ან სერგი“, – მიმართა ირმა ინაშვილმა დეპუტატებს, სერგი კაპანაძესა და რომან გოცირიძეს.
ინაშვილის თქმით, მის მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ ყველა მასალა შენახული აქვს. შესაბამისად, დეპუტატი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, მისი და სალომე ზურაბიშვილის მიმართ მუქარის ფაქტები ერთ კონტექსტში გამოიძიოს.
„მე გადავიტანე ეს ჩემს თავზე, შენახული მაქვს აბსოლუტურად ყველაფერი. მეც მემუქრებოდნენ ანალოგიურად სამხედრო პირები, სნაიპერები უკრაინიდან სააკაშვილის დაქირავებულები, ამიტომ ვადგენ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე და მივმართავ შს მინისტრს, ორივე ეს საქმე გამოიძიოს ერთად, ერთ კონტექსტში, ჩემზე მუქარა და ზურაბიშვილზე მუქარაც. წყნარად იყავი, შენი მაინც არავის ეშინია კომიკური ფიგურა ხარ, დაანებეთ თავი მუქარებს“, – მიმართა გოცირიძეს ინაშვილმა.
ამასთან, მან „ქართული ოცნების “ დეპუტატებს მოუწოდა, პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ წარდგენილ რეზოლუციას მხარი დაუჭირონ.