ირმა ინაშვილი - საქართველოს ეკონომიკა უნდა გაიხსნას, ჩვენ ვერ გავუძლებთ ჩაკეტილობას
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ეკონომიკაზე ზრუნვა უნდა გააქტიურდეს და საქართველოს ეკონომიკა გაიხსნას.
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ირმა ინაშვილი კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე ქვეყანაში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მთლიანად მსოფლიო დღის წესრიგი შეიცვალა და შესაბამისად, საქართველოშიც ბევრი რამ შეიცვლება.
„მთელი მსოფლიოს მასშტაბით ურთულესი კრიზისია, რაც ჩვენს ქვეყანაზეც ვრცელდება. ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა უფრო საყურადღებო იმიტომ არის, რომ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და მას წარმოვადგენთ. სრულიად განსხვავებული ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, თუნდაც, ამერიკასთან, საფრანგეთთან და გერმანიასთან შედარებით, რომელთა შიდა პროდუქტი ჩვენსას რამდენჯერმე აღემატება. ჩვენი მედპერსონალი და ხელისუფლება ძალისხმევას არ ზოგავენ. ეკონომიკაზე ზრუნვა უნდა გავააქტიუროთ, ეკონომიკა უნდა გავხსნათ. ამის გახსნა ხვალვე უნდა დავიწყოთ, რადგან ძალიან დაგვარტყამს. კარგია, რომ ფიქრობთ. არ ვამბობ, რომ ამაზე მხოლოდ მე ვფიქრობ. არ მინდა, ერთმანეთის რაღაც წვლილი გამოვყოთ, რადგან დღეს, მგონი, სახელმწიფო იმ ვითარებაშია, როცა ჩვენი ყველას წვლილი უნდა გავაერთიანოთ. სულ სხვა სოლიდარობა გვჭირდება. აღარ არის პარტიული, პატარ-პატარა ინტერესების გამოკვეთის დრო. მიხარია, როცა უმრავლესობის მაჟორიტარები ადამიანებს ეხმარებიან, მაგრამ არც ჩვენ ვისხედით სახლში. ჩვენს ხალხს და ქვეყანას ვეხმარებოდით. ამის გამოყოფა არ გვინდა, მთავარია, ვხედავდეთ, რა ხდება ქვეყანაში“, – განაცხადა დეპუტატმა.
ინაშვილის თქმით, საგანგებო ვითარებამ უღარიბეს ფენას დაარტყა.
„შეხება ამ ადამიანებთან მაქვს. ხალხს შია. თან ვეუბნებით, სახლში დასხედით და თან დანაზოგი არავის აქვს, ამ ოჯახებმა რა გააკეთონ? ჩემი ან მაჟორიტარების მიტანილი პაკეტი ეყოფათ? – არ ეყოფათ. ხელისუფლებამ ორიენტაცია ეკონომიკის გახსნაზე უნდა აიღოს, ჩვენ ვერ გავუძლებთ ჩაკეტილობას. ამას ამერიკა, გერმანია და საფრანგეთი გაუძლებენ. ჩვენ ორიენტაცია უნდა ავიღოთ, უღარიბესი თანამემამულეების ფიზიკურ გადარჩენაზე, რადგან თვენახევარში დავდგებით ძალიან მწვავე რეალობის წინაშე. ამ ხალხმა შიმშილი როგორ გადალახოს? ვიძახოთ, ხელფასიდან 1/3 გადავრიცხეთ. ჩემი ხელფასიდან ოთხი წლის მანძილზე ნახევარს ვრიცხავ, ეს არ ყოფნის. ამას მასშტაბური სახელმწიფოებრივი მიდგიმა სჭირდება. არ ვიტყვი, რომ ღამით მხოლოდ მე არ მძინავს. ვხედავ, თქვენც არ გძინავთ, ზრუნავთ. ძალისხმევა რაღაცნაირად გავაერთიანოთ. უნდა ვიცოდეთ – ბიუჯეტიც, შესწორებებიც, დეფიციტი და გარღვევა სად გვაქვს, როგორ დავეხმარებით ხალხს. პანიკის წნეხიდან რაღაცნაირად უნდა გამოვიდეთ. პანიკის ელემენტებს ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელშიც ვხედავ. სიმშვიდე და სიმტკიცეა საჭირო და არა ის, რომ ხვალ გარეთ ვერ გავალთ. საჭიროა, მტკიცე გადაწყვეტილება ხელისუფლების და ოპოზიციის, საზოგადოების“, – დასძინა ინაშვილმა.