ირმა ინაშვილი - სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დამნაშავე რეჟიმად გამოცხადებას მხარს თუ არ დაუჭერენ, გამოვა, რომ „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ გადაარჩენს ამ ჯგუფს
ირმა ინაშვილი - სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დამნაშავე რეჟიმად გამოცხადებას მხარს თუ არ დაუჭერენ, გამოვა, რომ „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ გადაარჩენს ამ ჯგუფს

„ქართული ოცნება“ სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დამნაშავე რეჟიმად გამოცხადების რეზოლუციას მხარს თუ არ დაუჭერეს, გამოვა, რომ კიდევ ერთხელ გადაარჩენს ამ ჯგუფს, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.

როგორც ირმა ინაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს კენჭის ყრაზე გადის რეზოლუცია, რომელიც სააკაშვილ-ბოკერია მმართველობის დამნაშავე რეჟიმად გამოცხადებას ითვალისწინებს.

„უმრავლესობას მოვუწოდებ, კენჭის ყრის დროს დარბაზში იყოს. მნიშვნელოვანია საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ, უჭერენ თუ არა მხარს რეზოლუციას. ბოკერია-სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმი უნდა შეფასდეს. ეს „ქართული ოცნების“ ლუსტრაცია იქნება, ვინ რომელ მხარეს დგას, ვინ დგას ქართველი ხალხის გვერდით, ვინ სააკაშვილ-ბოკერიას გადარჩენის მხარეზე. თუ მხარს არ დაუჭერენ, გამოვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ გადაარჩინა სააკაშვილ-ბოკერიას პოლიტიკური ჯგუფები“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

რეზოლუციის ტექსტში, რომელსაც ირმა ინაშვილის თქმით, ხელს აწერს 400 ათასი ადამიანი, ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას მმართველობის პერიდოში ქვეყანაში დამყარდა დანაშაულებრივი, ავტორიტარული რეჟიმი, რომელმაც არჩევნების გზით განახორციელა საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლებების უზურპაცია.

ტექსტში ნათქვამია, რომ რეჟმმა უპირობოდ დაიმორჩილა სასამართლო სისტემა, გაასამართლა და დამნაშავედ ცნო მოსახლეობის რვა პროცენტზე მეტი, რასაც თან ახლდა პატიმრების წამების, გაუპატიურების და ღირსების შელახვის მრავალგზის დადასტურებული ფაქტები.

რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია ისიც, რომ სისტემური ხასიათი ჰქონდა პოლიტიკური ოპონენტების დევნას, რის შედეგადაც, საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით, 190 ადამიანი პოლიტპატიმრად, 25 კი პოლიტიკურ დევნილად იქნა აღიარებული.

რეზოლუცია ასევე ასკვნის, რომ ექვსი  თვის ვადაში საქართველოს პროკურატურამ უნდა დაიწყოს იმ საქმეების გამოძიება, რომლებიც ბოლომდე არ არის მიყვანილი, ან თაროზეა შემოდებული და გამოკვეთოს დამნაშავეები და ფიგურანტები, ამ პროცესს კი ტექსტის მიხედვით, მონიტორინგი საქართველოს პარლამენტმა უნდა გაუწიოს.