ირმა ინაშვილი - ამ ქვეყანას ძლიერი პრეზიდენტი სჭირდება, რომელსაც მტკიცე ხასიათი და ნებისყოფა აქვს და არა - ბალერინა პრეზიდენტი
ცუდი რამ მოხდა, როცა პრეზიდენტმა კონსტიტუციას ხელი მოაწერა, რადგან იქ ბევრი საკამათო საკითხია, რაც მომავალში პრობლემას შეგვიქმნის, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, პრეზიდენტს რომ ხელი არ მოეწერა, მიადგებოდა თუ არა ჩრდილი კონსტიტუციის ლეგიტიმაციას, როგორც ამას თავად პრეზიდენტი აცხადებდა, ირმა ინაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა კრიტიკულ მომენტში მტკიცე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და გიორგი მარგველაშვილს ეს კონსტიტუცია არ უნდა გაემართლებინა.
„თუ პრეზიდენტი ხარ, პრეზიდენტი უნდა იყო და თუ ბალერინა ხარ, დიდი ოპერის სცენაზე უნდა იცეკვო. ამ ქვეყანას ძლიერი ნების პრეზიდენტი სჭირდება, რომელსაც ძლიერი, მტკიცე ხასიათი და ნებისყოფა აქვს და არა ბალერინა პრეზიდენტი“, – განაცხადა ინაშვილმა.
ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, შეიცვლებოდა თუ არა რამე, თუ კონსტიტუციას ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერდა, ინაშვილმა აღნიშნა, რომ ამით ბევრი რამ შეიცვლებოდა, რადგან ის ერთი პარტიის ლიდერის მიერ ხელმოწერილი, ერთი პარტიის კონსტიტუცია იქნებოდა.
როგორც ირმა ინაშვილმა განაცხადა, კონსტიტუციაში სახელმწიფოს პრიორიტეტები უფრო მკაფიოდ უნდა იყოს ფორმირებული.
„კონსტიტუციაში არა მხოლოდ ის უნდა იყოს ფორმირებული, რომ ნატო-სა და ევროკავშირისკენ მივილტვით, არამედ ის, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. კონსტიტუციაში ეს არ აისახა. ამ დროს გამოვდივართ და კონსტიტუციაში მხიარული გოჭებივით ვწერთ, რომ ჩვენი მიზანი ნატო და ევროკავშირია. გასაგებია, რომ ევროატლანტიკური სივრცისკენ ვილტვით, ჩვენი ამოცანა საქართველოს ევროპული, მაღალი ხარისხის დემოკრატიის მქონე ქვეყნად ჩამოყალიბებაა, მაგრამ ამ ფონზე შენი ქვეყნის ინტერესების დაჩრდილვა-დაკნინება არ უნდა მოხდეს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.