ირმა ინაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებები ცხადყოფს, რომ ყველაფერზე წავლენ, რათა საპარლამენტო სკამებს სამუდამოდ მიეწებონ
„ქართული ოცნების“ ქმედებები მორიგჯერ ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ ყველანაირ უკანონობას და უზნეობას იკადრებს, ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით,- ასე შეაფასა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების გაუქმებისგან თავს იკავებს.
მისივე თქმით, აღარავისთვის არის სადავო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გააყალბა.
„ვფიქრობ, აღარავისთვის არაა სადავო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ტოტალურად გააყალბა არჩევნები, აღარავისთვის არაა სადავო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიტაცა საპარლამენტო ხელისუფლება. აღარვისთვის არაა სადავო, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერზე წავა, რათა საპარლამენტო სკამებს სამუდამოდ მიეწებოს. იმ დეპუტატებს შორის, რომლებსაც დღეს „ქართულმა ოცნებამ“ სადეპუტატო უფლებამოსილება არ მოუხსნა, არიან გამოცდილი იურისტები, იგივე დავით უსუფაშვილი და, ალბათ, მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს. თუმცა, განიხილავს კი საკონსტიტუციო სასამართლო მათ სარჩელს?! აი, აქ არის დიდი კითხვის ნიშანი“, – წერს ირმა ინაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.