ირმა ინაშვილი - „ქართულ ოცნებას“ საშუალება რომ მისცე, მესამედ კი არ დარჩება ხელისუფლებაში, არამედ ოცდაცამეტჯერ
„ქართულ ოცნებას“ საშუალება რომ მისცე, მესამედ კი არ დარჩება ხელისუფლებაში, არამედ ოცდაცამეტჯერ, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.
„ხშირად მიფიქრია ამაზე, თუ რატომ უჩნდებათ ამის სურვილი – მოვიდა, დარჩა და აღარ მიდის. მერე იძულებული ხდები, საპროტესტო აქციებით, მანიფესტაციებით ქუჩიდან შეეცადო ხელისუფლების შეცვლას. ვფიქრობ, აზროვნებისა და მენტალიტეტის პრობლემაა და ეს აზროვნებაც გარდასატეხია“, – განაცხადა ინაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ცდილობს თუ არა ამას ყველა პარტია და მათ შორის, „პატრიოტთა ალიანსი“, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური გუნდი ხელისუფლებაში მარადიულად დარჩენას არ ეცდება.
„მე არ გავაკეთებდი ასე და ჩვენი პოლიტიკური გუნდი პროგრამაშიც აკეთებს აქცენტს იმაზე, რომ მოვდივართ არა მარადიულად დასარჩენად, რათა სკამებს მივეწებოთ, არამედ იმიტომ, რომ ქვეყნის კეთილდღეობაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ და ხელი შევუწყოთ სოციალური პროგრამების განხორციელებას, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია; ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ წინსვლას, პოლიტიკური სისტემის დახვეწას, დემოკრატიის განვითარებას და ჩვენი ქვეყნის გარშემო მთელი რიგი რისკების ჩაქრობას; ხელი შევუწყოთ სტაბილურობას და მშვიდობის უზრუნველყოფას გარედანაც და შიგნითაც“, – განაცხადა ინაშვილმა.
მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ გამარჯვებისთვის ემზადება.
„ყველა, ვინც ახლა მე მისმენს, იქნება ეს ტელემაყურებელი თუ პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენელი, გადასარევად არის ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ჩვენ ყველაზე მეტი ადამიანი გვიჭერს მხარს. ჩვენს პარტიას ძალიან მრავალრიცხოვანი ამომრჩეველი და მხარდამჭერი ჰყავს და ხალხის მხარდაჭერის კუთხით პრაქტიკულად, პირველ ადგილზეა. ეს შედეგი რომ ვაჩვენოთ, ამისთვის არის საჭირო დემოკრატიული, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.