ირმა ინაშვილი - პოლიციამ ისე უნდა იმოქმედოს, რომ ემოციებმა კი არ იმატოს, არამედ სტაბილურობამ დაისადგუროს
პარლამენტის ვიცე-სპიკერის ირმა ინაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ვითარება ყველა მხრიდან დაძაბულია და პოლიციამ ისე უნდა იმოქმედოს, რომ ესკალაცია კი არ გაღრმავდეს და ემოციებმა კი არ იმატოს, არამედ საზოგადოებაში სიმშვიდემ და სტაბილურობამ დაისადგუროს. როგორც ჟურნალისტებს ინაშვილმა განუცხადა, მას შს მინისტრ გიორგი გახარიასთან კითხვები აქვს არა მხოლოდ 12 მაისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, არამედ გუშინდელ დაკავების ფაქტებზე.
„მაინტერესებს, ეს რა ტიპის დაკავება იყო, ე.წ. პრევენციული დაკავება იყო? რატომ ხდებოდა, რომ დაკავებულები ადვოკატის უფლებით ვერ სარგებლობდნენ და ოჯახის წევრებს ტელეფონით ვერ დაურეკეს. ამ ტიპის დაკავებების სერიას რა მიზანი ჰქონდა? ასევე, დაკავებების ეს ფორმა ქვეყანაში ხომ არ იწვევდა ემოციური მუხტის უფრო მეტად გაძლიერებას და ეს ყველაფერი ვის ინტერესებში შედის? ქვეყანაში ვითარება ყველა მხრიდან დაძაბულია და პოლიციამ ისე უნდა იმოქმედოს, რომ ეს ესკალაცია კი არ გაღრმავდეს და ემოციებმა კი არ უნდა იმატოს, არამედ საზოგადოებაში სიმშვიდემ და სტაბილურობამ უნდა დაისადგუროს. არ ვიცი, ვის ინტერესებში შედის, რომ დუღილის ტემპერატურამ აიწიოს.
საზოგადოებაში გუშინდელმა დაკავების ფაქტებმა დუღილის ტემპერატურა აშკარად ასწია. ხელისუფლებაში ეს ვის აწყობს, ეს კითხვა მაქვს, მაგრამ იმდენი ფრთა და დაჯგუფებაა, ძნელია, ვინმეზე ეჭვი გქონდეს. კარგი იქნება, თუ გააცნობიერებენ, რომ ამ ტიპის დაკავებებს სიკეთე არ მოაქვს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.