ირმა ინაშვილი - „პატრიოტთა ალიანსი“ ვმოქმედებთ მარტო, დამოუკიდებლად, ბოროტებთან შეთანხმებას არ ვაპირებთ
ირმა ინაშვილი - „პატრიოტთა ალიანსი“ ვმოქმედებთ მარტო, დამოუკიდებლად, ბოროტებთან შეთანხმებას არ ვაპირებთ

„პატრიოტთა ალიანსი“ მიმდინარე საპროტესტო აქციების პროცესში, ვმოქმედებთ მარტო და დამოუკიდებლად, ბოროტებთან ჩვენ არანაირ შეთანხმებას არ ვაპირებთ, სამართლიანობა ბოროტებთან შეთანხმებით ვერ მიიღწევა, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

ირმა ინაშვილი დღეს ბრიფინგზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას აინტერესებს, რა პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს საქართველოში.

„რომის იმპერია იყენებდა მართვის შემდეგ სქემას: პირველი – ხელისუფლება ოპონენტად მუდმივად ინარჩუნებს ყველასთვის ცნობილ ბოროტ ძალას, ჩვენ შემთხვევაში, ასეთია სააკაშვილი და ბოკერია, განზრახ არ სჯის მას და მუდმივად აცოცხლებს ამ ძალას პოლიტიკურ სივრცეში; მეორე – ყოველთვის, როცა ხელისუფლება ხალხს ატყუებს და სჩადის ცუდ საქმეს, რასაც წესიერი, რიგითი ადამიანების აღშფოთება მოსდევს, ხელისუფლება უმალ ამხედრებს ამ ბოროტ ძალას, ჩვენ შემთხვევაში სააკაშვილს და ბოკერიას; მესამე – ხელისუფლება ყველანაირ საშუალებას აძლევს ბოროტებს, დაანთონ კოცონები, შექმნან რევოლუციის ილუზია, რომლის მოწყობაც სინამდვილეში მათ არ ძალუძთ; მეოთხე – ამ ყველაფრის შემყურე წესიერ ხალხს ავიწყდება, რომ ხელისუფლებამ ისინი მორიგჯერ მოატყუა, ცუდი საქმე ჩაიდინა, ხალხი ამაზე აღარ და ვეღარ ფიქრობს, მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ ბოროტებმა რევოლუცია არ მოაწყონ; არის მეხუთე პუნქტი – ამის შემდეგ ხელისუფლება ჰუმანურად შლის ბოროტებს, ათავისუფლებს რუსთაველის პროსპექტს, ხალხს უხარია, რომ რევოლუცია თავიდან ავიცილეთ და ყველას ავიწყდება ის ტყუილი და ცუდი საქმე, რაც მანამდე ხელისუფლებამ ჩაიდინა, მაგალითად, როგორ მოგვატყუა არჩევნების თემაზე. ხელისუფლებაზე გაბრაზებული ხალხი, ხდება ხელისუფლების დამცველი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისი თქმით, შვიდი წელია, სწორედ ამ რეჟიმში აცხოვრებს ხელისუფლება საზოგადოებას საქართველოში.

„ამ რეჟიმში გვაცხოვრებენ ჩვენ მთელი შვიდი წლის განმავლობაში. თითქოს, ერთმანეთს ებრძვიან და ამ დროს ერთმანეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არიან. ჩვენ, საქართველოს „პატრიოტთა ალიანსი“ ვამბობთ, მიმდინარე საპროტესტო აქციების პროცესში, ვმოქმედებთ მარტო და დამოუკიდებლად. ჩვენ ბოროტებთან  არანაირ შეთანხმებას არ ვაპირებთ, სამართლიანობა ბოროტებთან შეთანხმებით ვერ მიიღწევა. ვპირდებით საზოგადოებას, რომ ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, დროის უმოკლეს ვადებში, მყისიერად შეიცვლება საარჩევნო სისტემა. არჩევნები გახდება სამართლიანი და თავისუფალი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო საქმიანობას და გადავიდა აქციების რეჟიმზე.

„საპროტესტო აქციების რეჟიმზე ვართ გადასული, ასევე გადავედით საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირების რეჟიმზე. ჩვენი პროტესტი არ შეწყდება. 30 ნოემბერს, შაბათს, 18:00 საათზე, ვიკრიბებით თბილისში, სპორტის სასახლეში. ჩვენ მოვითხოვთ, დაისაჯონ დამნაშავეები, დამთავრდეს ამ ქვეყანაში პოლიტიკური სპექტაკლები. არსებობს ყოფილი პროკურორის მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის საჯარო განცხადებები, რომ წინა რეჟიმის მთავარ ფიგურანტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისთვის ყველა მტკიცებულება არსებობს. მინდა, „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ მოვუწოდო, დაამთავრეთ ეს პოლიტიკური სპექტაკლები“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.