ირმა ინაშვილის ითხოვს, აჭარის რეგიონში განათლების კუთხით ვითარების შესასწავლად კომისია შეიქმნას
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ პარლამენტში შეიქმნას კომისია, რომელიც აჭარის რეგიონში განათლების კუთხით შექმნილ ვითარებას შეისწავლის.
როგორც ირმა ინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, აჭარის რეგიონში განათლების კუთხით უმძიმეს ვითარებაა შექმნილი.
„ჭარის რეგიონში უკანონოდ, ლიცენზიის გარეშე გახსნილია სასწავლებლები, რელიგიური პანსიონები, მედრესეებიც მათ შორის, რომლებიც ფინანსდება უცხო ქვეყნის მხრიდან. მე არაერთი ინფორმაცია მაქვს ამასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მაქვს მთელი დოკუმენტაცია და სია, რასთან გვაქვს ჩვენ საქმე. მინდა, მიაქციოთ ყურადღება რას – ისე იხსნება ეს რელიგიური დაწესებულებები, ისე მიდიან იქ ჩვენი შვილები სასწავლებლად, ჩვენ არ ვიცით, რას ასწავლიან, რადგან ეს დაწესებულებები არ ექვემდებარება საქართველოს განათლების სამინისტროს. მინდა, პარლამენტში დავსვა ასეთი კითხვა – ჩვენ რომ თურქეთში გავხსნათ ქართული სკოლა, ქართული პროგრამით, ჩვენი განათლების სამინისტროს პროგრამით დავიწყოთ იქ სწავლება, ვინ მოგვცემს ამის საშუალებას“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მისივე თქმით, აჭარის რეგიონში მასობრივად იხსნება რელიგიური დაწესებულებები და არ არის არავითარი კონტროლის მექანიზმი.
„სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები რიტორიკულად გვპასუხობენ, რა ვქნათ ჩვენ? არ შეგვიძლია ამის კონტროლი, რადგან არ არის სათანადო საკანონმდებლო ბაზა. კიდევ ერთი კითხვა ჩვენ რას ვაკეთებთ პარლამენტში და რას აკეთებენ უშიშროების კუთხით მომუშავე სტრუქტურები, რომლებსაც ევალებათ ამის კონტროლი. არავითარ შემთხვევაში ეს განცხადება არ მინდა, იყოს აღქმული რელიგიური კუთხით ვითარების გამწვავებად. პატივს ვცემ ჩვენ მუსულმან მოქალაქეებს, მაგრამ აქ ამაზე არ არის საუბარი. საუბარია, რა სისტემით მიდის სწავლება, ამ უკანონო, ულიცენზიო დაწესებულებებში”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მისივე თქმით, აჭარის რეგიონში მასობრივად იხურება ინტერნატები, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებდა, 22-ზე მეტი იყო ასეთი ინტერნატი, დღეს დარჩენილია ოთხი.
„აჭარის რეგიონის მაღალმთიანი სოფლების მოსწავლეებს პრაქტიკულად რჩებათ ორი გამოსავალი – მეცხრე კლასის შემდეგ იქ აღარ არის ბევრ სკოლაში სწავლება და ეს მოსწავლეები იძულებულები არიან, წავიდნენ ან უკანონოდ გახსნილ მედრესებში, ან თურქეთში თხილის საკრეფად და ან უნდა დარჩნენ განათლების გარეშე. რა სახელმწიფო ვართ ჩვენ, რა დეპუტატები ვართ, რა პარლამენტი ვართ, თუ ამ მიმართულებას არ მივაქცევთ ყურადღებას. გთავაზობთ ინიციატივას პარლამენტში შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის აჭარის რეგიონში განათლების კუთხით შექმნილ ვითარებას. თუ შეიძლება მე ამ კომისიას ვუხელმძღვანელებ თუ წინააღმდეგი არ იქნებიან ჩვენი კოლეგები და წარვდგებით პარლამენტის წინაშე მოხსენებით, რა დგება აჭარის რეგიონში“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.