ირმა ინაშვილი - პარლამენტმა 200-ზე მეტი პოლიტპატიმარი აღიარა და სწორედ 2016 წლის დადგენილება უნდა იყოს პროკურატურისთვის საფუძველი, რომ დამნაშავეები დაისაჯონ
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, წამების ფაქტების შესახებ საქართველის პარლამენტის მიერ 2016 წლის ივნისში მიღებული დადგენილებით, 200-ზე მეტი პოლიტპატიმარი აღიარა პარლამენტმა.
ინაშვილის თქმით, გენერალური პროკურატურისთვის სწორედ აღნიშნული დადგენილება უნდა იყოს საფუძველი, რომ დამნაშავეები დაისაჯონ.
ირმა ინაშვილმა აღნიშნული მოთხოვნით პროკურატურაში დღეს განცხადება შეიტანა.
„საქართველის პარლამენტმა 2016 წლის ივნისში მიიღო დადგენილება წამების ფაქტების შესახებ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დადგენილება და ამ დადგენილებაში მკაფიოდაა ნათქვამი, რომ 2004-2012 წლებში მაშინდელი რეჟიმი ორგანიზებას უწევდა ქვეყანაში ადამიანთა მასობრივ წამებას, ადამიანთა მკვლელობებს, ქონების ჩამორთმევას.
ასევე, სააკაშვილ-ბოკერიებმა და მათმა რეჟიმმა ჩააბარა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 22 პროცენტი. მთელი ეს საქმეები, პოლიტპატიმრების საქმეები, ამ დადგენილების თანახმად კიდევ ერთხელ ხაზგასმულია, რომ 200-ზე მეტი პოლიტპატიმარი აღიარა პარლამენტმა და სწორედ ეს დადგენილება უნდა იყოს საფუძველი საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის, რომ დაისაჯონ დამნაშავეები. მე მხოლოდ იმას კი არ ვითხოვ, რომ სააკაშვილის და ბოკერიას პარტიები არჩევნების პროცესიდან მოიხსნას, დღევანდელი განცხადებით, მე ვითხოვ, რომ მთელი ეს საქმეები მოვიდეს ერთ სისტემაში, პროკურატურამ ფუნდამენტური გამოძიება მიიყვანოს ბოლომდე და დამნაშავეები დაისაჯოს 6 და 26 წლის მერე კი არა, ახლავე დაიწყოს ეს პროცესი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.