ირმა ინაშვილი - პარლამენტი კონსტიტუციის ფარგლებიდან არ უნდა გავიდეს, ამას თუ დავუშვებთ, მძიმე შედეგებით დაგვიბრუნდება
პარლამენტი კონსტიტუციის ფარგლებიდან არ უნდა გავიდეს, არც 15 ივლისამდე და არც ერთი საათით, თუ ამას დავუშვებთ, ეს ძალიან მძიმე შედეგებით დაგვიბრუნდება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა სესიაზე განაცხადა.
პარლამენტის სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ.
„სხვადასხვა ალტერნატივა იყო შემოთავაზებული, რომ ამას თუ არ გავაკეთებთ ეს მოხდება, ის მოხდება… პოლიტიკური სპეკულაციები. არსებობს პასუხი სამივე ალტერნატივაზე და ნურავის გვაშინებთ, ჩვენ არ უნდა დავარღვიოთ კონსტიტუცია, აი ეს არის ალტერნატივა“, – განაცხადა ინაშვილმა.
მისი თქმით, არსებული კანონმდებლობის ფარგლებში მთავრობას აქვს ყველანაირი საშუალება, ვითარება გააკონტროლოს და მოქალაქეთა ჯანმრთელობა დაიცვას.
„არსებული კანონმდებლობა – ჯანდაცვის კანონი და კიდევ სხვა ბერკეტები აქვს მთავრობას, თავისუფლად იძლევა იმის საშუალებას, რომ მოხდეს სიტუაციის გაკონტროლება და ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა“, – განაცხადა ინაშვილმა.
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით, შემზღუდავი ღონისძიებების გატარება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.
პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს პირველი მოსმენით გუშინ უყარეს კენჭი. პარლამენტმა ვადასთან დაკავშირებული გარკვეული დათქმით დაუჭირა მხარი კანონპროექტს. დღეს კი, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის შესწორებული ვერსია წარადგინეს და ცვლილებებს დეპუტატებმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირეს.
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის მოქმედების ვადა 15 ივლისამდე განისაზღვრა.