ირმა ინაშვილი - მთავრობის ამ შემადგენლობას მხარს არ ვუჭერთ, ფრაქციის სხდომაზე ყველა კითხვა დაისმება
მთავრობის შემადგენლობას მხარს არ ვუჭერთ, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ფრაქციის დღევანდელ სხდომაზე ყველა კითხვა დაისმება.
„არ ვუჭერთ მხარს მთავრობის ამ შემადგენლობას. მთელი რიგი მიზეზების გამო. ყველა შეკითხვა დაისმება, შეკითხვები პოლიტიკურ ნაწილში, ეკონომიკის ნაწილში, სოციალურ სფეროსთან მიმართებაში და იქნება არაერთი მწვავე კითხვა ჩვენი მხრიდან. ყველაფერი გვაინტერესებს, გვაინტერესებს, როგორ აპირებენ ქვეყნის განვითარებას, საერთოდ საით მიდის ეს ქვეყანა, გვაინტერესებს, როგორ აპირებენ ხალხის გამოყვანას სიღატაკიდან და გვაინტერესებს, რა პროგრამები არის, რეალისტური, ისე არა ჰაერში რომ სიტყვებს ისვრიან, რეალისტური პროგრამები, რაც მოკლე ვადებში დაეხმარება ადამიანებს, დაძლიონ სიღარიბე“, – აღნიშნა ინაშვილმა.
მისი თქმით, ამასთან პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრაზე პოლიტიკური სახის კითხვებიც იქნება. მათ შორის 20- 21 ივნისთან დაკავშირებით.
პარლამენტში ფრაქციების ფორმატში მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან შეხვედრები დღესაც გრძელდება. ამ დროისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატების შეხვედრა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრებთან იმართება.