ირმა ინაშვილი - მათემატიკური აზროვნება პოლიტიკოსსაც სჭირდება, კარგად ვარჩევ, რომელი დეპუტატი აზროვნებს მათემატიკურად
მათემატიკური აზროვნება არა მარტო ტექნიკური განათლების მქონე ადამიანს, არამედ პოლიტიკოსსაც სჭირდება, კარგად ვარჩევ, რომელი დეპუტატი აზროვნებს მათემატიკურად, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა პლენარულ სესიაზე განაცხადა, სადაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ანგარიშთან დაკავშირებით პოლიტიკური დებატები მიმდინარეობს.
ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ მათემატიკური ლოგიკის საფუძვლების ცოდნა ჰუმანიტარებისთვისაც აუცილებელი უნდა იყოს.
„მათემატიკური აზროვნების გამომუშავება ნიშნავს ლოგიკური აზროვნების გამომუშავებას და ეს ყველა სფეროში საჭიროა. მაგიდასთან დამრჩა „სამსუნგის“ ტელეფონი, სადაც პირდაპირ ტექსტს საუბრობ და ხმა ნაბეჭდ ტექსტად გადაითარგმნება. ეს გააკეთეს ფილოლოგებმა, რომლებმაც ძალიან კარგად იციან მათემატიკა. მეტსაც გეტყვით და თქვენ ჩემზე უკეთ იცით, რომ მათემატიკური აზროვნება სჭირდება არა მარტო ტექნიკური განათლების მქონე ადამიანს, არამედ პოლიტიკოსს, საჯარო პირს. ჩვენ ამ დარბაზშიც. მე პირადად კარგად ვარჩევ ხოლმე, რომელი პოლიტიკოსი, რომელი დეპუტატი აზროვნებს მათემატიკურად“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა თავისი უწყების მუშაობის ანგარიში პარლამენტში გუშინ წარადგინა, დღეს კი, სხდომა ანგარიშთან დაკაშირებით პოლიტიკური დებატებით გაიხსნა.