ირმა ინაშვილი - კოაბიტაციის იდეა „რესპუბლიკურმა პარტიამ“, ბერძენიშვილებმა, ხიდაშელმა შექმნეს, „ქართულ ოცნებას“ თავს მოახვიეს და რქებით გაიტანეს
კოაბიტაცია ქართული აზროვნების პროდუქტი იყო, ეს იდეა „რესპუბლიკურმა პარტიამ“, ბერძენიშვილებმა, ხიდაშელმა შექმნეს, ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ თავს მოახვიეს და რქებით გაიტანეს, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“.
„მერე გვეუბნებოდნენ, კოაბიტაცია ქართველი ხალხის დაკვეთააო. 2012 წლის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც ოპონენტის გადარჩენა სწორედ „ქართული ოცნების“ ძალისხმევით მოხდა. 2012-2013 წლებში „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური გაბედულება არ ეყო, რადგან ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ კისერზე ეს წურბელები – „რესპუბლიკური პარტია“, ბერძენიშვილები, ხიდაშელები და ა.შ. ასხდნენ. ისინი ივანიშვილს არწმუნებდნენ, დასავლეთში გავლენა გვაქვს, თანამოაზრეები გვყავს და ნაცმოძრაობა ახლა რომ არ გადავარჩინოთ, ქვეყანა თავზე დაგვემხობაო. ალბათ, გახსოვთ, უსუფაშვილი რომ ლაპარაკობდა, ნაცმოძრაობის გადარჩენა ქართული დემოკრატიის მიზანიაო“, – განაცხადა ინაშვილმა.
მისი თქმით, მითი და პოლიტიკური სპექტაკლის ნაწილია ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ 600 000 მხარდამჭერი ჰყავს.
„ბოლო წლებში მანიპულაციის სრულიად ახალი სისტემა დაინერგა, რაც 2016 წელსაც მოხდა. ეს სომხური კარუსელი აღარ არის და არჩევნების გაყალბება რაღაც სხვა სისტემით ხდება. ეს სისტემა რებუსია ძალიან ბევრი საარჩევნო სპეციალისტისთვის, რომლებიც თავის დროზე, არჩევნებსაც აყალბებდნენ და ისინიც კი ვერ ხსნიან, რა სისტემასთან გვაქვს საქმე. ეს ასეა, მაგრამ ცოტა დროა საჭირო და ამ ფორმულასაც გახსნიან“, – განაცხადა ინაშვილმა.
გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რამდენად დამაჯერებელია ის, რომ არჩევნები ოპოზიციამ გააყალბა, რადგან როგორც წესი, მისი გაყალბება ხელისუფლებას შეუძლია, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ამაში „ქართული ოცნების“ ის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომლებმაც „ნაციონალური მოძრაობის“ თამაში ითამაშეს.
შეკითხვაზე, რატომ უჭერს ის მხარს „ქართული ოცნებას“, თუ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ რაღაც საკითხზე შეთანხმდნენ და „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ აღებული პროცენტის დაფიქსირებას ხელი შეუწყო, ირმა ინაშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ერთგვაროვანი პოლიტიკური ძალა არ არის და მასში ძალიან ბევრი ფრთა, კლანი და სეგმენტია, რომლებიც ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიან.
„როცა ვამბობ, მსგავსი რამ „ქართული ოცნების“ ინტერესში შედიოდა მეთქი, მე არ ვლაპარაკობ „ქართული ოცნების“ იმ ნაწილის ნებაზე, რომელიც ისე ფიქრობს, როგორც – მე“, – განაცხადა ინაშვილმა.
ირმა ინაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პოზიცია, რაც ამომრჩეველმა საპრეზიდენტო არჩევნებზე დააფიქსირა, კოაბიტაციის მიმართ პროტესტიც იყო და მოქალაქეებს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ დიდ საპროტესტო აქციაში, რომელიც 25 ნოემბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, 15:00 საათზე გაიმართება, ხოლო 23 ნოემბერს ბათუმში, ერას მოედანზე, 15:00 საათზე.
„ჩვენ კიდევ ერთხელ შევიკრიბებით, რომ ვთქვათ მარტივი რამ – წარსულში არ დავბრუნდებით და სააკაშვილ-ბოკერიებს ციხეში გავუშვებთ!“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.