ირმა ინაშვილი - კანონპროექტის შემოტანა, რომლითაც მინისტრს ხელფასი 11 000 ლარი ექნება, სამარცხვინო იდეაა
მნიშვნელოვანია, ყველა პრემიერს და მინისტრს ესმოდეს, რომ დღევანდელ ვითარებაში პარლამენტში კანონპროექტის შემოტანა, რომლის მიხედვითაც მინისტრს ხელფასი 11 000 ლარი ექნება, სამარცხვინო იდეა და ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.
„დეპუტატებისთვის 9 000 ლარია გათვალისწინებული, პრეზიდენტისთვის – 13 000 ლარი. მაინტერესებს, ეს ვის თავში დაიბადა. როცა ქვეყანაში ამდენი მშიერი ადამიანი გვყავს, 9 000 ლარი არც ირმა ინაშვილს ეკუთვნის და არც რომელიმე დეპუტატს“, – განაცხადა ინაშვილმა.
მისი თქმით, კვირიკაშვილს რამდენიმე საინტერესო გადახვევა ჰქონდა, როცა ის „პატრიოტთა ალიანსის“ მოთხოვნებს გამოეხმაურა.
„ჩვენ ვამბობდით, რომ არ შეიძლება, ხელისუფლება ბოკერიას წნეხის ქვეშ მოექცეს და ჰქონდეს კომპლექსი, თითქოს სოხუმთან, ცხინვალთან და რუსულ მხარესთან პირდაპირი, ღია დიალოგი არ შეიძლება. კვირიკაშვილმა გუშინ თქვა, რომ არავის ზეგავლენის ქვეშ არ მოექცევა და პირდაპირი დიალოგის ფორმატს ხელს შეუწყობს, მაგრამ ჩვენ გვინდა, საქმე ვნახოთ და არა სიტყვები“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.