ირმა ინაშვილი იმედოვნებს, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობა „პატრიოტების“ რეზოლუციას მხარს დაუჭერს
პარლამენტის ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილს მოლოდინი აქვს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების თაობაზე რეზოლუციის პროექტს მხარს დაუჭერს.
როგორც ჟურნალისტებს ინაშვილმა განუცხადა, რეზოლუციის პროექტის საფუძველზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნაში აღიარებულია, რომ ქვეყანაში 2004-2012 წლებში ადგილი ჰქონდა პატიმართა წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და ქვეყანას პოლიტპატიმრები ჰყავდა.
ინაშვილის მოსაზრებით, კომიტეტის დასკვნამ რეზოლუცია გააძლიერა, რომელიც პლენარულ სხდომაზე გავა.
“ქართულ ოცნებას” მოვუწოდებ, რეზოლუციას მხარი დაუჭიროს. მოლოდონი მაქვს, რომ დოკუმენტს მხარდაჭერა ექნება. „ქართულ ოცნებაში“ ბევრი დეპუტატია, ვინც მზადაა, რეზოლუციას მხარი დაუჭიროს”, – განაცხადა ინაშვილმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რეზოლუციის პროექტზე დასკვნა წარმოადგინა და მას კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
აღნიშნულ დოკუმენტს კენჭს პლენარულ სხდომაზე უყრიან.
რეზოლუციით, „პატრიოტთა ალიანსი“ „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას ითხოვს.