ირმა ინაშვილი - გიორგი კვირიკაშვილს გადავაყენებთ
ირმა ინაშვილი - გიორგი კვირიკაშვილს გადავაყენებთ

კვირიკაშვილი გადადგება, ჩვენ მას გადავაყენებთ, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„პიროვნულად არავის ვებრძვით, მაგრამ კვირიკაშვილის მართვის სტილი თანამედროვე საქართველოს გამოწვევებს არანაირად არ პასუხობს. პრობლემა მის მიერ დამკვიდრებული მართვის სტილია, როცა პარლამენტში ძალაუფლება ხელში რამდენიმე ადამიანმა ჩაიგდო. ეს კვირიკაშვილის საპარლამენტო გუნდია, სადაც სულ ხუთი-ექვსი კაცია – მდინარაძეები, კობახიძეები, ზარდიაშვილი, იგივე თალაკვაძე“, – განაცხადა ინაშვილმა.

მისი თქმით, კვირიკაშვილის მართვის სტილი იმას გულისხმობს, რომ „ქართულ ოცნებაში“ შიდა გადატრიალება, რევოლუცია მოხდა.

„ამ ჯგუფმა, რომლებსაც მე კულტურულ რევოლუციონერებს ვუწოდებ, ძალაუფლება ხელში აიღო. მათ არავის აზრი არ აინტერესებთ, მხოლოდ საკუთარი აზრი მოსწონთ, იღწვიან იმისთვის, რომ ძალაუფლება ბოლომდე განიმტკიცონ. ოპოზიციას ექნება თუ არა რამე შენიშვნა, ან წინადადება, მათთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი სწორედ ამ ჯგუფმა გამოიწვია.

„ბონუსის სისტემის შემოღება მათი იდეა იყო. თან საპარლამენტო რესპუბლიკა უნდათ, თან კოალიციური მთავრობა არავისთან უნდათ. ისევ ძალაში დატოვეს მაჟორიტარული სისტემა. მოატყუეს საზოგადოება, პოლიტიკური სპექტრი და საარჩევნო დიქტატურა დაამყარეს. საარჩევნო კოდექსი იმგვარად შეცვალეს, რომ ყველგან და ყველაფერში დომინანტი მხოლოდ ერთი პარტიაა“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.