ირმა ინაშვილი გეგმავს, პროკურატურას თავად მიმართოს განცხადებით, რომ ბოკერია-სააკაშვილის პარტიებს არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალოთ
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი რუსული დაფინანსების მიღებას უარყოფს და განმარტავს, რომ გამოცემა „დოსიემ“ ყალბ დოკუმენტებზე დაფუძნებული სტატია მიხეილ საკაშვილისა და გიგა ბოკერიას დაკვეთით გამოაქვეყნა.
ინაშვილის თქმით, იგი თავად აპირებს, პროკურატურას მიმართოს განცხადებით, რომ სააკაშვილისა და ბოკერიას პოლიტიკურ ძალებს არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალოთ.
„სააკაშვილმა და ბოკერიამ ჯერ მიაწოდეს ტყუილი რუსულ ინტერნეტ გამოცემას, შემდეგ ამ ტყუილზე ტყუილი კომენტარი გააკეთებინეს მათსავე მატყუარა აგენტს, ვინმე კუროპტევს, ბოლოს ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ტყუილ სიუჟეტებზე ტყუილი განცხადება დღეს შედის თურმე პროკურატურაში. მზად ვართ პასუხის გასაცემად და მეტს გეტყვით, პროკურატურაში მე შემაქვს განცხადება, ეს პარტიები, რომლებსაც დადასტურებული აქვთ ადამიანთა წამება, ძალადობა, მრავლად დევს ფაქტები პროკურატურაში, მოიხსნან არჩევნებიდან“, – განაცხადა ინაშვილმა.
პარტია „ევროპული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების საკითხის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა.