ირმა ინაშვილი - დღეს „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მართლაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გამოავლინა
დღეს „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მართლაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გამოავლინა, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.
„როცა ხელისუფლებას აკრიტიკებ, რაღაც პოზიტიურიც რომ ხდება, იმასაც უნდა გაუსვა ხაზი. დღეს „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მართლაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გამოავლინა, ამ კენჭისყრის დროს. ცხადად ჩანდა, რომ მათ ინტერესში ნამდვილად არ შედიოდა ამ კენჭისყრის ჩაგდება. მობილიზაცია ნამდვილად ჩანდა და ეს მისასალმებელია, მაგრამ „ქართული ოცნების“ მხრიდან იმდენად ბევრი ნაბიჯი იყო გადადგმული ისეთი, რაც უნდობლობას იმსახურებს, რომ მაშინაც კი, როდესაც არაფერს ისეთს არ აკეთებენ, სადაც კითხვა უნდა დაგებადოს, ჩნდება – ვენდოთ თუ არ ვენდოთ. ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა“, – განაცხადა ინაშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება სისხლის სამართლის დანაშაული გახდეს.
„ხელისუფლება რითი იგებს?! წარმოვიდგინოთ მარტივი სურათი – მე ვაპირებ, ჩემი კანდიდატურა დავაყენო მაჟორიტარად რომელიმე ოლქში. სად, ჯერ არ ვარ ჩამოყალიბებული, მაგრამ ვთქვათ, ბორჯომში, ან დუშეთში. ერთიანდება რაიონები ხომ?! როცა საგარეჯოში ვიყრიდი კენჭს, ერთი სუს-ის უფროსი მიპირისპირდებოდა, ერთი პოლიციის უფროსი, ერთი მერი, ერთი გამგებელი და ერთი შემოტევა იყო თითო-თითო თანამდებობის პირის მხრიდან, ახლა კი, გაერთიანებულ ოლქებში ოპოზიციონერ კანდიდატს უპირისპირდება ბორჯომი, ახალციხე, ადიგენი, ასპინძა; ოთხი რაიონის სუს-ის უფროსი, ოთხი რაიონის პოლიციის უფროსი, ოთხი რაიონის გამგებელი, ოთხი რაიონის სიპ-ები და აიპ-ები. მთელი ეს ინდუსტრია და ინფრასტრუქტურა ეს არის ადმინისტრაციული რესურსი, რომლითაც სახელისუფლებო პოლიტიკური ძალა განადგურებს“, – განაცხადა ინაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად მიღწევადია ის, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება სისხლის სამართლის დანაშაული გახდეს, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ეს სავსებით რეალურია.
„ეს მიღწევადია. „ქართული ოცნება“ დისკუსიაში მოგვყვება და მაქვს მოლოდინი, რომ უკვე კონკრეტულ ცვლილებებსაც დაუჭერენ მხარს. მაგალითად, ჩვენ არ ველოდებოდით და დღეს „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა საკონსტიტუციო ცვლილებაში, რაც მანდატების განაწილების თემას ეხებოდა და ეს ცვლილება განახორციელეს, რაც ასევე მისასალმებელია“, – განაცხადა ინაშვილმა.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემა თავიდან ბოლომდე დასახვეწი და შესაცვლელია.
„დავაკვირდეთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, ევროპის ქვეყნებს. არჩევნებს ყველა თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში ატარებს და ციყვებივით მაინცდამაინც ჩვენ ვტრიალებთ და ვბზრიალებთ ერთ რკინის ბორბალზე. ამ ჩაკეტილი წრიდან ოდესმე ხომ უნდა გამოვიდეთ და ოდესმე ხომ უნდა ვაჩვენოთ პრეცედენტი, რომ ჩვენს სახელმწიფოში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა?! დემოკრატიული არჩევნების ჩატარება ჩემი აზრით იცით, რას ნიშნავს?! იმას, რომ „ქართული ოცნება“ იმ 30 მაჟორიტარულ ოლქში ძალიან დიდი პროცენტით წააგებს. თუნდაც – ჩვენთან“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.