ირმა ინაშვილი - დადასტურებული ფაქტია, რომ ადგილი ჰქონდა და ახლაც აქვს ფარულ მიყურადებას, ყველა უნდა დაისაჯოს, „ქართულ ოცნებას“ თუ ჰგონია, რომ გავჩუმდებით, ძალიან ცდება
დადასტურებული ფაქტია, რომ ადგილი ჰქონდა და ახლაც აქვს ფარულ მიყურადებას, თვალთვალს, აუდიოჩანაწერებს, ვიდეოგადაღებას და სატელეფონო მოსმენებს, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ის, რაც მედიის საშუალებით ვიხილეთ, ზუსტად ამ დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა და ტოვებს, რომ ადგილი აქვს ტოტალურ დანაშაულს, ტოტალურ მოსმენას, თვალთვალს და ეს სისტემური დანაშაულია“, – განაცხადა ინაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ვისი ინტერესი იკვეთება ფარული მასალების გავრცელებით, რადგან ამან მმართველი პარტიაც დააზარალა, რომელიც პასუხისმგებელია უკანონო მოსმენების აღკვეთასა და ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ საჭიროა ლაპარაკი იმაზე, თუ ვინ აკეთებდა ამას.
„ჩანაწერები, რაც გამოქვეყნდა, 2014-21 წლებს მოიცავს. ეს ხდებოდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში და ახლა, ამაზე უნდა იყოს ლაპარაკი. მერეა, ვინ გაავრცელა, როგორ და ა.შ“, – განაცხადა ინაშვილმა.
მისი თქმით, მომხდარი კატასტროფული ზიანის მომტანი იქნება, როგორც ხელისუფლებისთვის, რაც ხალხისთვის ნაკლებად სადარდებელია, ისე სახელმწიფოსთვის, რაც უმთავრესია და შესაბამისად, დგება ყველა პრემიერის პასუხისმგებლობის საკითხი.
„აქცენტის გადატანა მხოლოდ იმაზე, რომ თურმე, ამას გახარია აკეთებდა, ძალიან დიდი ბოდიში, რა. ისრების მხოლოდ გახარიაზე გადატანა ძალიან უხერხულია. პირდაპირ გეტყვით – ამ ჩანაწერებიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობის საკითხი დგება ყველა პრემიერის, 2014 წლიდან 2021 წლის ჩათვლით. რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლები დოზით. იმიტომ, რომ გამოძიებამ უნდა გამოკვეთოს, ამაში ვის რა წილი პასუხისმგებლობა ჰქონდა. უნდა დადგეს შესაბამისი სტრუქტურების ყველა პირველი პირის და მათი მოადგილეების პასუხისმგებლობის საკითხი“, – განაცხადა ინაშვილმა.
როგორც ინაშვილმა აღნიშნა, საქმე გვაქვს წამების ტოლფას ქმედებასთან, რადგან ადამიანების თვალთვალი და მიყურადებაც წამებაა და ეს საქმე აუცილებლად მივა ევროსასამართლომდე.
„ქართულ ოცნებას“ თუ ჰგონია, რომ ჩვენ გავჩუმდებით და თვალს დავხუჭავთ იმაზე, რაც ახლა ხდება, ძალიან ცდება. უნდა დაისაჯოს ყველა. ეს საქმე უნდა მივიდეს და მივა სტრასბურგის ევროსასამართლომდე. მეც აუცილებლად შევიტან სარჩელს და სტრასბურგი კი არა, შეიძლება, „ქართული ოცნების“ საქმე ჰააგამდეც მივიდეს, მთელი ეს პროცესი ისე მიჰყავთ“, – განაცხადა ინაშვილმა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა არის მისთვის დამაჯერებელი, რადგან ხელისუფლება ამბობს, რომ გავრცელებული მასალები ტყუილ-მართლის კომბინაციაა, ინაშვილმა განაცხადა, რომ სიმართლესთან შესაბამისობა ძალიან ბევრმა ადამიანმა დაადასტურა.
„მე, ჩემთან დაკავშირებით, რა ჩანაწერიც ჟურნალისტებმა მაჩვენეს, არის არა მხოლოდ სატელეფონო მოსმენის გზით მოპოვებული, არამედ მიყურადების და თვალთვალის გზით მოპოვებული. რა თქმა უნდა, იქ არის ტყუილიც და ტყუილ-მართალი შერეულია ერთმანეთში, მაგრამ 90% აბსოლუტურად დადასტურებულია. ხალხი თვითონ ყვება, რომ ასეთი ტიპის საუბრებს ნამდვილად ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა ინაშვილმა.
მისივე თქმით, ამ ყველაფერმა სამღვდელოებას ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა, რასაც „პატრიოტთა ალიანსი“ ელოდა და ამაზე ლაპარაკობდა, მაგრამ დიპლომატების მოსმენა უკვე ყველანაირ ზღვარს გასცდა.
ინაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს არავითარი 45%, ან 40%-იანი რეიტინგი და თუ არჩევნებში მმართველი პარტია მაღალ-მაღალ პროცენტებს დაიწერს, მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს – მშვიდობიან, დემოკრატიულ სამოქალაქო პროტესტს.