ირმა ინაშვილი - ჩვენი ქვეყნის გარშემო მიმდინარე პროცესს თუ გადავხედავთ, პრაქტიკულად, წინასაომარ ვითარებაში ვართ
ირმა ინაშვილი - ჩვენი ქვეყნის გარშემო მიმდინარე პროცესს თუ გადავხედავთ, პრაქტიკულად, წინასაომარ ვითარებაში ვართ

ჩვენი ქვეყნის გარშემო მიმდინარე პროცესს თუ გადავხედავთ, პრაქტიკულად, წინასაომარ ვითარებაში ვართ, ამაზე 2008 წლის ომის წინა პერიოდი, ივნის–ივლისი მახსენდება, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ბავშვსაც კი ესმის, რას ნიშნავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დღეს გავრცელებული განცხადება, სადაც აბსოლუტურად კონკრეტული გზავნილია, თუ რას გააკეთებს რუსეთი“, – განაცხადა ინაშვილმა.

მისი თქმით, ეს არის პასუხი იმ ქმედებებზე, რასაც ბოკერიები, ბაქრაძეები და სხვები საქართველოში აწარმოებენ.

„ეს არის შედეგი ჩვენი რეაქციებისა. მაგალითად, თავისთავად მნიშვნელოვანი რეზოლუციის მიმართ, რომელიც მივიღეთ და რომლის სულისკვეთებასაც ვიზიარებთ, მეტიც, მასთან მიმართებაში ჩვენ უფრო მკაცრი პოზიციებიც კი გვქონდა, რათა იქ სხვადასხვა ნიუანსები, თუნდაც, დამნაშავეთა დასჯასთან დაკავშირებითაც ასახულიყო, მაგრამ ეს პოლიტიკაა და ჩვენ ჩვენი ქვეყნის ეროვნული, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან უნდა გამოვდიოდეთ; ზუსტად გვესმოდეს, ამ რეზოლუციას რა დროს ვიღებთ, რუსეთის მხრიდან რა საპასუხო რეაქციები იქნება და ეს ჩვენს ქვეყანას რას მოუტანს“, – განაცხადა ინაშვილმა.

როგორც ინაშვილმა აღნიშნა, ტრაგიკომედია იმაშია, რომ რუსეთთან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს და შვეიცარიის საელჩოში რუსეთის სექტორის რიგითი თანამშრომელი თურმე, საქართველოდან მხოლოდ იმიტომ უნდა გაუშვან, რომ ბოკერიამ, ბარამიძემ, ბაქრაძემ და სხვებმა ისიამოვნონ.

„აი, თუნდაც, თქვენი სტუდიის სტუმრები, ექსპერტები, რომლებიც პროცესებს უფრო საღად, სახელმწიფოებრივად, ეროვნულად უნდა აფასებდნენ, თქვენს სტუდიაში სხედან და გვიმტკიცებენ, ხელისუფლებამ რა კარგი გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა ინაშვილმა.

როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა აღნიშნა, შეცდომა იყო ასეთ ურთულეს ვითარებაში პარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღება და ასევე შეცდომა იყო ვითომდა სოლიდარობის გამოცხადების ნიშნით, რუსეთის სექტორის თანამშრომლის საქართველოდან გაშვება.

„ეს რეზოლუცია დღეს, ამ ვითარებაში, ამ ფორმით, ამ კონტექსტით არ უნდა მიღებულიყო და ჩვენმა ფრაქციამ მას მხარი ამიტომ არ დაუჭირა. ან, სოლიდარობას ვის ვუცხადებთ?! რუსეთი რომ აქეთ ტანკებით დაიძვრება, თქვენს სტუდიაში მსხდომი ექსპერტებიდან, რომელი ერთი წავა და საქართველის მიწებს დაიცავს?! თუ საჭირო გახდა, იმ რუსებს პირველი ესენი შეუძვრებიან. ეს კინო ნანახი მაქვს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.