ირმა ინაშვილი - ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელსაც ხალხის ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს
„პატრიოტთა ალიანსმა“ თავისუფლების მოედანზე აქცია გამართა.
პარტიის ლიდერებმა სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო არჩევნებსა და ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
მათი მტკიცებით, პარტიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დასტურდება, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს.
„ეს არ არის შემაჯამებელი აქცია. ამით ჩვენ ვიწყებთ მნიშვენლოვან საარჩევნო ეტაპს. თქვენ ყველამ ნახეთ, რა დიდი მხარდაჭერა აქვს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ და ბოლოს და ბოლოს ქვეყანაში ტყუილი უნდა დამთავრდეს. ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელსაც ქვეყანაში ხალხის ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით თარხან-მოურავის განცხადებით, მათ მხარს უჭერს 900 000 ადამიანი, რაც ჩატარებული კვლევის შედეგად მოპოვებული აუდიო ჩანაწერებით დასტურდება.
„ეს აქცია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ არის ყველაძე ძლიერი პოლიტიკური ძალა საქართველოში. ამ მოედანს ვერ გაავსებს ვერც „ქართული ოცნება“ და ვერც სხვა პარტია, საუბარი აღარ არის „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რომელიც აღარ არსებობს.
ჩვენ გვაქვს 900 000 აუდიო ჩანაწერი, რომელიც მკაფიოდ ცხადყოფს, რომ ჩვენი პარტია უსწრებს „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“ და ყველა დანარჩენ ერთპროცენტიან პარტიას ერთად აღებულს“, – განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.