ირმა ინაშვილი - ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე გამოცდილება, მძიმე მემკვიდრეობა, როგორ იყენებდა ესა თუ ის ხელისუფლება მაჟორიტარულ სისტემას
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, სამივე საარჩევნო სისტემა – შერეული, სრულად მაჟორიტარული, თუ პროპორციული არის დემოკრატიული, თუმცა ქვეყანა ევროპულ და ამერიკულ დემოკრატიას თუ ედრება, არსებობს სპეციფიკა, რაც ქართულ დემოკრატიას განასხვავებს იმ დემოკრატიისგან.
როგორც ინაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვის დროს განაცხადა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ბრძოლა ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში დაიწყო.
ინაშვილის თქმით, არსებობს ძალიან მძიმე გამოცდილება, მძიმე მემკვიდრეობა, როგორ იყენებდა ესა თუ ის ხელისუფლება მაჟორიტარულ სისტემას.
„ძალიან საინტერესო და სწორი რამ ბრძანა ახლა ბატონმა არჩილმა, რომ სისტემები, რომლებსაც ხშირად ვეხებით და განვიხილავთ ხოლმე, იქნება შერეული, პროპორციული, მაჟორიტარული, სამივე ეს სისტემა, რა თქმა უნდა, არის დემოკრატიული, არის ლეგიტიმური, და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა იყენებს სხვადასხვა ვარიანტს.
მაგრამ თუ ჩვენ ვედრებით ევროპულ დემოკრატიებს, ან ამერიკულ დემოკრატიას, რა თქმა უნდა, არსებობს სპეციფიკა, რაც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს დემოკრატიას განასხვავებს იმ დემოკრატიისგან.
რატომ უნდოდა ქართულ საზოგადოებას, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს გადასვლა იმ სისტემაზე ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმის პერიდოში, მაშინ იყო ამაზე საუბარი, აქაც ვეთანხმები ბატონ არჩილს, რომ ჩვენ გვქონდა და გვაქვს ძალიან მძიმე გამოცდილება, ძალიან მძიმე მემკვიდრეობა, როგორ იყენებდა ესა თუ ის ხელისუფლება მაჟორიტარულ სისტემას.
ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ მაჟორიტარული სისტემა არადემოკრატიულია, ჩვენ ვამბობთ იმას, რომ სხვადასხვა ტიპის ქვეყნებში, იქ, სადაც დემოკრატია არის ჯერ კიდევ ნედლი, იქ, სადაც ჯერ კიდევ ყალიბდება საპარლამენტო დემოკრატია, იქ, სადაც ბევრი წინააღმდეგობაა, ხელისუფლებებს უჩნდებათ ხელისუფლების უზურპაციის სურვილი, იქ, სადაც ჩვენი აზროვნება, ჩვენი მენტალიტეტი პოლიტიკური სპექტრის მთლიანად ჯერ კიდევ შესაცვლელია და ტრანსფორმაციას განიცდის, აი ამ ტიპის ქვეყნებში, რა თქმა უნდა, ბევრი კითხვა ჩნდება და სახიფათოც არის ხოლმე მაჟორიტარული სისტემის დამკვიდრება. მე გავიარე ეს გზა, მე მაქვს ეს გამოცდილება, ამიტომ ვლაპარაკობ მე ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რაოდენ რთული არის ოპოზიციური პარტიის ლიდერისთვის, თუ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლისთვის მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობა.
ამიტომ, რა თქმა უნდა, საუბარი იმაზე, რომ ქვეყანა უნდა გადასულიყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, და მეტს გეტყვით ბრძოლა, ჯერ კიდევ იყო სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში, რომელმაც არაერთ გზის გააყალბა არჩევნები, არაერთ გზის მოახდინა ხელისუფლების უზურპაცია, მაგრამ გავიდა წლები. სხვათა შორის, როდესაც „ქართული ოცნება“ მოდიოდა ხელისუფლებაში, 2012 წელს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მუდმივად ამაზე საუბრობდნენ. გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო, როდესაც „ქართული ოცნების“ ოპოზიციონერი დეპუტატები მონაწილეობდნენ საარჩევნო პროცესში 2012 წელს, რამდენი ცემა, რამდენი ტყეპა, რამდენი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით დამარცხება „ქართული ოცნების“ კანდიდატების და ა.შ.“,- განაცხადა ინაშვილმა.
ირმა ინაშვილის განმარტებით, ყოველთვის უკვირს, როდესაც უკვე ხელისუფლებაში მოსულ ძალას აქვს აღნიშნული გამოცდილება და ის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას აჭიანურებს.
საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვას, რომელიც საქართველოს პირველ არხის ეთერში გადაიცემა, საკონსტიტუციო კომისიის წევრები არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, ირმა ინაშვილი და მარიამ ჯაში მონაწილეობენ. განხილვაში მონაწილეობაზე უარი თქვეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა სერგი კაპანაძემ.