ირმა ინაშვილი - ჩემი ღირებულებები პარლამენტის თავმჯდომარის ღირებულებებს არ ემთხვევა, რადგან საერთოდ არ ესმის, რა არის ეროვნული ცნობიერება
„ქართული ოცნების“ დეპუტატთა ნაწილთან, რა თქმა უნდა, გვაქვს მსოფლმხედველობრივი თანხვედრა, მათი და ჩვენი ინტერესები იქ ემთხვევა, სადაც ღირებულებების გადარჩენა ხდება – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ განაცხადა.
„ჩემი ღირებულებები ემთხვევა ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის ღირებულებებს და არ ემთხვევა პარლამენტის თავმჯდომარის ღირებულებებს, რადგან მას საერთოდ არ ესმის, ეროვნული ცნობიერება რა არის. ის ამას საჯაროდ ამბობს“, – განაცხადა ინაშვილმა.
ამ განცხადებით ირმა ინაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, იმ მოცემულობაში, როცა „ქართული ოცნების“ ჯგუფებს შორის მსოფლმხედველობრივი აცდენა მოხდა, შესაძლებელია თუ არა საპარლამენტო უმრავლესობის სიჭრელეში „პატრიოტთა ალიანსს“ მსოფლმხედველობრივი მოკავშირეები გამოუჩნდნენ.
ირმა ინაშვილის თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები ზომიერი კონსერვატორები არიან.
„ჩვენ ღია ვართ სიახლეებისთვის, რაც ეროვნული ტრადიციების, კულტურისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების კუთხით სასიკეთოა და ვიბრძვით, გლობალიზაციის ფონზე ეს ყველაფერი შენარჩუნდეს, – განაცხადა ინაშვილმა.
ირმა ინაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ქართველ ხალხს „ქართულმა ოცნებამ“ მაშინ უღალატა, როცა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაცია დაიწყო, რაც ქართული საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა იყო.
„2012 წლის შემდეგ დიდი მოლოდინი იყო, რომ დამნაშავეები დაისჯებოდნენ და ის ყველაფერი, რაც იყო, წარსულს ჩაბარდებოდა, მაგრამ დღეს რას ვხედავთ?! გახსოვთ მესიჯი – „დავივიწყოთ წარსული“?! კოჰაბიტაციის გამოცხადებაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილიც იზიარებს, რომელიც მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.