ირმა ინაშვილი - არსებული კანონმდებლობითაც თავისუფლად არის შესაძლებელი ეპიდემიისა და სხვა გამოწვევების შეკავება, რაც დღეს ხდება, ხელისუფლების უზურპაციის მცდელობაა
ირმა ინაშვილი - არსებული კანონმდებლობითაც თავისუფლად არის შესაძლებელი ეპიდემიისა და სხვა გამოწვევების შეკავება, რაც დღეს ხდება, ხელისუფლების უზურპაციის მცდელობაა

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სახეზეა ხელისუფლების უზურპაციის მცდელობა, რაც პირველად არ ხდება.

ინაშვილი მიიჩნევს, რომ არსებული კანონმდებლობის ფარგლებშიც თავისუფლად არის შესაძლებელი ეპიდემიისა და სხვა გამოწვევების შეკავება.

„მთელი დღეა, ვისმენთ ამ ცხელ დებატებს და რატომღაც, გამახსენდა კოპოლას ძალიან ცნობილი ფილმი, სადაც მთავარი გმირი მეორე გმირს ეუბნება ასეთ ფრაზას: „ნუ მეტყვი, რომ დამნაშავე არ ხარ იმიტომ, რომ ეს შეურაცხყოფას აყენებს ჩემს გონებრივ შესაძლებლობებს და ჩემს ინტელექტს“. ნუ გვეტყვით, ბატონებო, და ბატონ დიმიტრის მინდა, მივმართო, რომ ვერ ხვდებით, რაზე ვლაპარაკობთ ჩვენ. ეს თქვენი მდგომარეობა, რომ ვითომ ვერ ხვდებით და თან ხვდებით, თან პანდემიაზე ლაპარაკობთ, თან არ ლაპარაკობთ, ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ შეურაცხყოფას აყენებთ და სათანადოდ არ აფასებთ ჩვენი მოქალაქეების ინტელექტსა და აზროვნების უნარს.

ყველა ყველაფერს გადასარევად ხვდება. დღეს აქ საუბარი არ არის პანდემიაზე და არავინ არ გეწინააღმდეგებათ იმაში, რომ როცა არის ეპიდემია, როცა არის რთული ვითარება ქვეყანაში, უნდა გატარდეს სათანადო ზომები. მაგრამ ის, რაც დღეს ხდება და რისი განხორციელებაც თქვენ გსურთ, ეს არის ხელისუფლების უზურპაციის მცდელობა, მორიგჯერ სხვათაშორის, ასეთი მცდელობების სურვილი პირველად არ გაქვთ თქვენ. ბოლო 8 წლის მანძილზე, პერიოდულად, თქვენი სურვილი, განახორციელოთ ხელისუფლების უზურპაცია, გაიელვებს ხოლმე ამ დარბაზში.

ამას ხან ახერხებთ, ხან ვერ ახერხებთ, მაგრამ უბრალოდ მინდა, გითხრათ, რომ ისტორია ყველას წაკითხული აქვს, ბევრმა შეიძლება, ჩემზე კარგად იცის, ავტორიტეტული რეჟიმები, არადემოკრატიული რეჟიმები და მმართველობები როგორ ახორციელებდნენ მათ მმართველობას. ადამიანებს არავინ ეუბნებოდა, რომ მე მოვდივარ და უნდა წაგართვა შენი მთავარი უფლება. ყველა ეუბნებოდა საზოგადოებას და ადამიანებს, რომ მე მოვდივარ ჩემი კეთილშობილური იდეებით, რომ შენ დაგიცვა, მე შენზე ვზრუნავ. ამასობაში, ისინი იმყარებდნენ ხელისუფლებებს, აყალიბებდნენ ქვეყანაში ძალადობრივ რეჟიმებს, ატერორებდნენ ადამიანებს და ართმევდნენ ყველაზე მთავარს – ფუნდამენტურ უფლებებს, აი, ამ „დიადი“, „კეთილშობილური“ მოტივაციითა და ამ იდეოლოგიით. მე ძალიან არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ ვხედავ ამ ნიშნებს და ამაზე ღიად ვლაპარაკობ, არა მარტო მე, ნეტავ, მარტო მე ვლაპარაკობდე და სხვა არავინ.

ძალიან ნიშანდობლივია და საგულისხმოა, ბატონო დიმიტრი, რომ ალბათ თქვენი ტიპის დეპუტატებზე, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის დეპუტატებზე იყო გათვლილი გაერო-ს საგანგებო მოხსენება, ევროსაბჭოს საგანგებო მოხსენება, ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მოხსენება, ეუთო ძალიან აქტიურია ამ კუთხით იმასთან დაკავშირებით, რომ სხვადასხვა ქვეყნები, რომლებსაც მიდრეკილება აქვთ ხელისუფლების უზურპაციისკენ, რამენაირად შეაჩერონ და აუხსნან, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, დაუშვებელია.

ახლა მინდა, წაგიკითხოთ ციტატა გაერო-ს მოხსენებიდან: „მსოფლიოს მასშტაბით ჩვენ ვხედავთ უამრავ მაგალითს, როგორ ზღუდავენ მთავრობები ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს კორონავირუსთან და პანდემიასთან ბრძოლის ეგიდით. გაერო აფრთხილებს მთავრობებს, რომ არ დაუშვან ხელისუფლების კონსოლიდაცია ერთ ხელში, ანუ უზურპაცია. არ დაუშვან ადამიანის უფლებათა შეზღუდვა პანდემიასთან ბრძოლის მოტივით. არ გამოიყენონ მთავრობებმა საგანგებო მდგომარეობა იარაღად, რათა დადუმდეს სამოქალაქო საზოგადოება, არ ისმოდეს კრიტიკული აზრი, არ გამოიყენონ მთავრობებმა უფლება, გააკონტროლონ ადამიანები“. აქამდე ჯერ არ ხართ მისული, ალბათ მიხვალთ კიდევ, რომ პანდემიის პირობებში, როგორ გამოიყენოთ ბერკეტები ჩვენი თვალთვალის, მოსმენის და აშ. ამ ცვლილებითაც მოხვალთ ამ დარბაზში დარწმუნებული ვარ და შემდეგ გაამართლებთ, რომ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას სჭირდებოდა ესო. აი, ასეთ გაფრთხილებას გაძლევთ გაერო, არა მარტო გაერო, ევროსაბჭო და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია“,- განაცხადა ინაშვილმა.

ინაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტში წარმოდგენილი ცვლილებები ანტიკონსტიტუციურია, ეწინააღმდეგება ყველაზე მთავარ კანონს  – კონსტიტუციას.

„გაუგებარია, აუხსნელია, პარლამენტის წევრს რატომ უნდა დაებადოს, მოუვიდეს თავში ასეთი აზრი, რომ მისი მთავარი ფუნქცია გადასცეს მთავრობას, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პრეროგატივა კონსტიტუციით აქვს გარანტირებული პარლამენტს. ანუ, თქვენ ამ უფლებას გადასცემთ მთავრობას, და ჩვენ არა მარტო იმას გეუბნებით, რომ არ უნდა მიიღოთ ეს ცვლილებები, არამედ იმას გეუბნებით, რომ რა კანონმდებლობაც დღეს არის, ამის ფარგლებშიც თავისუფლადაა შესაძლებელი ეპიდემიის, პანდემიისა და სხვა გამოწვევების შეკავება.

არავითარ შემთხვევაში პარლამენტს არ უნდა წაერთვას მისი ფუნქცია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების, კონტროლის. ასე რომ წავიდეს საქმე, თქვენ არც პარლამენტი გჭირდებათ, არც პოლიტიკური ოპოზიცია, არავინ არ გინდათ. ისეთ ნაბიჯებს დგამთ მთელი ამ 8 წლის განმავლობაში, რომ ეს არის აბსოლუტურად აუხსნელი, არალოგიკური, თვითდაზიანების მკაფიო მაგალითი.

მიიყენეთ თქვენ ეს თვითდაზიანება, მე წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ჩვენ ქვეყანას, ჩვენ დემოკრატიას, რომლისთვისაც მეც ვიბრძოდი, ლევან გოგიჩაიშვილი, ეკა ბესელია, ბევრი  ამ დარბაზში მსხდომი, ზოგიერთი თქვენგანისგან განსხვავებით, არ გვინდა, რომ ამისი დამარხვის საშუალება მოგცეთ. ამიტომ, მე მოგმართავთ დეპუტატების ნაწილს, არ დაუჭიროთ მხარი ამ ცვლილებებს“, – აღნიშნა ირმა იანშვილმა.

პარლამენტში პირველი მოსმენით იხილება საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლითაც შემზღუდავი ღონისძიებების გატარება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება.

„იმისათვის, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, კორონავირუსის მასობრივ გავრცელებასთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით, პროცესები უმართავი არ გახდეს და საქართველოს მთავრობასა და სხვა შესაბამის უწყებებს კვლავ ჰქონდეთ შესაძლებლობა, საჭირო ღონისძიებები სათანადოდ განახორციელონ, აუცილებელია, რომ კანონპროექტით წარმოდგენილი ნორმები დროულად იქნეს მიღებული და ამოქმედებული“, – ნათქვამია კანონპროექტში.