ირმა ჭკადუა - სასამართლომ დააპატიმრა ბავშვი, რომელიც მე-12 კლასში წარჩინებით სწავლობს
ირმა ჭკადუა - სასამართლომ დააპატიმრა ბავშვი, რომელიც მე-12 კლასში წარჩინებით სწავლობს

პროკურატურამ მოზარდის წინააღმდეგ, მზაკვრული ხერხი გამოიყენა, – ამის შესახებ ყოფილი თანაკლასელების დაჭრაში ბრალდებული მოზარდის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა.

„არანაირი დამატებითი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი. ამ მზაკვრულ ხერხს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი დაუმძიმდა, პროკურატურამ მიმართა იმიტომ, რომ მოზარდი დაეპატიმრებინათ. დაზარალებულების დაზიანებების ხარისხი არის მცირე. სამწუხაროა, რომ სასამართლომ დააპატიმრა ბავშვი, რომელიც მე-12 კლასში წარჩინებით სწავლობს და ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება”, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც დაიდება დაჭრილი ბავშვების ექსპერტიზის დასკვნები და აღმოჩნდება, რომ „დაზიანებები მსუბუქია და არ საჭიროებდა ოპერაციას“, დაცვის მხარე პროკურატურას საბრალდებო მუხლის კვალიფიკაციის შეცვლა მოსთხოვს.

არასრულწლოვნების დაჭრაში ბრალდებულს, რომელსაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ბრალი დაუმძიმდა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა თეონა გვაზავამ განაცხადა, დაკავებულს სხეულის განზრახ მძიმედ დაზიანების ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით შეეცვალა.

თეონა გვაზავამ განმარტა, რომ მუხლის გადაკვალიფიცირების გადაწყვეტილება ბრალდების მხარემ საქმეში ახალი მტკიცებულებების გამო მიიღო.

პროკურორის ინფორმაციითვე, დაკავებული წარდგენილ ბრალს აღიარებს, თუმცა საბრალდებო მუხლის კვალიფიკაციას არ ეთანხმება.

2000 წელს დაბადებულ ა.ნ-ს ბრალი ოფიციალურად გუშინ საღამოს წინასწარი დაკავების იზოლატორში წარუდგინეს.

31 იანვრის ღამეს „წითელ ბაღში“ მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება მოზარდს არასრულწლოვანი ყოფილი თანაკლასელების დაჭრას ედავება.

საუბარია სამ მოზარდზე, რომელთაგანაც ორი მომხდარის შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა, ერთი კი მსუბუქად დაშავდა.