ირმა ჭკადუა - მგონია, რომ დავით გარეჯი, პრაიდი, გავრილოვი და შემდგომ განვითარებული მოვლენები ერთი ჯაჭვია
ირმა ჭკადუა - მგონია, რომ დავით გარეჯი, პრაიდი, გავრილოვი და შემდგომ განვითარებული მოვლენები ერთი ჯაჭვია

მგონია, რომ დავით გარეჯი, პრაიდი, გავრილოვი და შემდგომ განვითარებული მოვლენები ერთი ჯაჭვია, – ამის შესახებ ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„თუ ოპოზიციის მხრიდან შევხედავთ, მათ აბსოლუტურად სწორად გადადგეს ნაბიჯები. თუ მათ დღის წესრიგი და პროტოკოლი იცოდნენ, რომ გავრილოვი იმ სკამზე უნდა აღმოჩენილიყო, მათ ადგილას ალბათ, სხვაც ასე მოიქცეოდა, მიუშვებდა და მოვლენებს სწორად ასე განავითარებდა, როგორც მოხდა, მაგრამ ამ დროს რას აკეთებდა ხელისუფლება, ის ადამიანები, რომლებიც დღეს სახელმწიფოს მართავენ? ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად არაფერი გაკეთებულა“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

მისი თქმით, როცა გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე აღმოჩნდა, ის ადამიანები, რომლებიც მოგვიანებით საპროტესტო აქციებზე გამოდიოდნენ და ამ ყველაფერს აპროტესტებდნენ, დროშაშემოხვეული ავარდნენ, მაგრამ წინა დღეს, როცა უკრაინის ელჩმა გააპროტესტა, მათ არ გაუპროტესტებიათ და საკმაოდ კარგადაც პოზირებდნენ.

როგორც ჭკადუამ აღნიშნა, ამ შეცდომის, გადაცდომის თუ მიზანმიმართული ქმედების გამო „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური ფასი გადაიხადა.

„როცა პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას გავრილოვი ვიხილეთ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმე საყურებელი იყო. აბსოლუტურად სწორი, ადეკვატური და ლეგიტიმური მოთხოვნები ჰქონდათ იმ ადამიანებს, რომლებიც აღშფოთდნენ და ეს ყველაფერი გააპროტესტეს. ამ შეცდომის, გადაცდომის, თუ მიზანმიმართული ქმედების გამო „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური ფასი გადაიხადა“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები პასუხისმგებლობას არ გაურბიან იმ ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებიც დღეს აქციებზე გამოდიან და არ მოსწონთ ის, რაც მოხდა.

„გვინდა თუ არ გვინდა, ვერ დავივიწყებთ, რას აკეთებდნენ ის ადამიანები, რომლებსაც დღეს არ მოსწონთ ის, რაც მოხდა. რა თქმა უნდა, არავის არ მოგვწონს რეზინის ტყვიები, დასახიჩრებული ბავშვები და ბუნებრივია, ეს თითოეული ჩვენგანის ტკივილია, მაგრამ გვახსოვს, როგორ გვარბევდნენ ის ადამიანები, რომლებსაც დღეს არ მოსწონთ ის, რაც მოხდა; გვარბევდნენ, გვკლავდნენ, სახლებში გვივარდებოდნენ და შემდეგ განცხადებებით გამოდიოდნენ, სულს ამოგხდითო. დღეს ასე არ გველაპარაკებიან და ხელისუფლების წარმომადგენლები პასუხისმგებლობას არ გაურბიან. ჩვენ დღეს მოვისმინეთ ბატონი მინისტრის განცხადება, რომ ის იღებს პასუხისმგებლობას. მან თქვა, რომ გამოძიება აუცილებლად უნდა ჩატარდეს“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.