ირმა ჭკადუა - იმ სისასტიკის შემოქმედები, რაც დაადგინა ევროპულმა სასამართლომ, დღეს ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობენ, ეს არის შემზარავი
ირმა ჭკადუა - იმ სისასტიკის შემოქმედები, რაც დაადგინა ევროპულმა სასამართლომ, დღეს ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობენ, ეს არის შემზარავი

იმედს ვიტოვებ, ოპონენტები არ იტყვიან, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც არის კლანი და ეს გადაწყვეტილება არის კლანის მიერ მიღებული, – ამის შესახებ ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავით, რომ სტრასბურგის სასამართლო მიიღებდა ამგვარ გადაწყვეტილებას, ვინაიდან მთელმა მსოფლიომ იხილა ის სისასტიკე, როგორც ეს ახალგაზრდები იქნენ დახვრეტილები, იმ პირობებში, როდესაც სხვა ადამიანების სიცოცხლესაც შეექმნა საფრთხე. ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა სასამართლომ სრულად დაადგინა ეს. ამავდროულად, პროცედურულ ნაწილზე იმსჯელა, რომ დაგვიანებით, ცხრა წელი იყო ძალიან დიდი დრო, რათა ამ საქმის გამოძიება დასრულებულიყო“, – აღნიშნა ირმა ჭკადუამ.

ვაზაგაშვილების ადვოკატის თქმით, მომჩივანი მხარისთვის არ იყო მნიშვნელოვანი კომპენსაციის ნაწილი, მნიშვნელოვანი იყო მოლოდინი, რომელიც გამართლდა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი იური ვაზაგაშვილი, რომელიც ელოდებოდა ამ გადაწყვეტილებას, ვერ მოესწრო და უფრო მეტი სისასტიკით იქნა ისიც მოკლული. იმედს ვიტოვებ, ოპონენტები არ იტყვიან, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც არის კლანი და ეს გადაწყვეტილება არის კლანის მიერ მიღებული. იმ სისასტიკის შემოქმედები, რომელიც მსოფლიომ იხილა, დაადგინა ევროპულმა სასამართლომ, დღეს ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობენ. ეს არის შემზარავი. მათ ჰყოფნით ნამუსი და აფიქსირებენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, ეს მოძალადეები, რომლებიც არ შეცვლილან, იმავე მოძალადეებად დარჩნენ. ამას გამოხატავენ რიტორიკაში, ქმედებაში… იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს მოსახლეობა, რომელსაც პირდაპირ და ირიბად შეეხო ეს სისასტიკე, არჩევნებზე ამ რეჟიმს ერთხელ და სამუდამოდ ეტყვის უარს. ის, რომ ეს რეჟიმი დღეს ბოგინებს, დღის წესრიგს წერს და გვკარნახობს, როგორ უნდა ვიცხოვროთ, არის ამ ხელისუფლების დამსახურება“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე დღეს გადაწყვეტილება გამოაცხადა და სახელმწიფოს 50 000 ევროს გადახდა დააკისრა.