ირლანდიის ვიცე-პრემიერი - ჩვენ, როგორც თქვენსავით პატარა ქვეყანა, საქართველოს დაგეხმარებით ყველაფრით, რაც შეგვიძლია
ირლანდიის ვიცე-პრემიერ საიმონ კოვინის თქმით, საქართველოს ადგილი და სახლი ევროკავშირშია. შესაბამისი განცხადება მან პარიზში, ევროპელ ბიზნესმენთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია ასოცირების შეთანხმებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კუთხით. როგორც პატარა კუნძული ევროკავშირის დასავლეთ სანაპიროსთან, ირლანდია ევროკავშირის წევრობამ შეცვალა. ეს იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენთვის ეკონომიკურად, სოციალური ტრანსფორმაციის კუთხით და, რა თქმა უნდა, მშვიდობისა და სტაბილურობის გამო. გზა ევროკავშირში გაწევრიანებამდე გრძელი და როგორც თავადაც იცით, გამოწვევებით სავსეა.
ჩვენი სურვილია, ევროკავშირის წევრობიდან სარგებელი ნახონ ევროკავშირის აღმოსავლეთით მდებარე იმ ქვეყნებმაც, რომლებსაც ასევე სურთ, იყვნენ ჩვენ მიერ ერთობლივად შექმნილი სახლის ნაწილი. მინდა, მკაფიოდ გითხრათ, რომ ჩვენ, როგორც თქვენსავით პატარა ქვეყანა, ამ სახლის მეორე მხარეს, დაგეხმარებით ყველაფრით, რაც შეგვიძლია“, – აღნიშნა საიმონ კოვინიმ.
ამავე ფორუმზე ირლანდიის ვიცე-პრემიერამდე სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა.