ირლანდიის სენატმა მიიღო საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს ევროკავშირს, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი
2022 წლის 14 ივნისს, ირლანდიის სენატმა მიიღო საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია, რომლითაც იგი მოუწოდებს ევროკავშირს, მიანიჭოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს საქართველოს, მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს და წარმატებით განაგრძოს რეფორმების განხორციელება.
„სენატი მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას ევროპული ნორმებისა და ღირებულებების მქონე იმ ქვეყნების გაწევრიანებით, რომლებიც პირნათლად ასრულებენ ევროკავშირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს და აგრძელებენ ძალისხმევას ევროინტეგრაციის გზაზე. ის ასევე მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ თვითშეფასების კითხვარის უმოკლეს ვადებში შევსებას და ბრიუსელისთვის გადაცემას.
რეზოლუციაში აღნიშნულია პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ხაზგასმულია, რომ გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ასოცირებული ტრიოს წევრი ქვეყნების მიმართ იყოს ერთიანი მიდგომა, ვინაიდან, რომელიღაც ამ ქვეყნის პროცესის გარეთ დატოვებას ექნება დამანგრეველი ეფექტი საზოგადოების პროევროპულ განწყობებზე და მისცემს „მწვანე შუქს“ რუსეთს, სხვა არაპროგნოზირებადი გამანადგურებელი ქმედებებისთვის.
დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ ათწლეულების განმავლობაში ქართველი ხალხი მტკიცედ ისწრაფოდა ევროპული ინტეგრაციისკენ, რამაც ასევე ასახვა პოვა მთავრობების მიერ გატარებულ პროევროპულ პოლიტიკაში. რეზოლუციაში ჩამოთვლილია ის კონკრეტული მიმართულებები, რომელშიც წარმატებით განხორციელდა რეფორმები, მათ შორისაა: დემოკრატიის გაძლიერება, ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება, მთავრობის გამჭვირვალობის გაძლიერება და სასამართლოს დამოუკიდებლობა. სენატი მიესალმება საქართველოს მიღწევებს ამ გზაზე და მოუწოდებს მას, გააგრძელოს საჭირო რეფორმების გატარება ევროკავშირთან შემდგომი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს საქართველოს, მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს და წარმატებით განაგრძოს რეფორმების განხორციელება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.