ირლანდიის საპარლამენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტია „შინ ფეინი“ ლიდერობს.
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, მემარცხენე პარტიამ, რომელიც დაკავშირებულია „ირლანდიის რესპუბლიკურ არმიასთან“ (ირა), წინასწარი მონაცემებით არჩევნებში 24.5 პროცენტი მიიღო. ამ მონაცემებთ, პარტიას საკანონმდებლო ორგანოში 29 ადგილი ექნება, რაც აღნიშნული პარტიის ისტორიაში ყველაზე მაღალი შედეგია.
ამასთან, ოპოზიციურ პარტია „ფიანა ფეილს“ 22.2 პროცენტი აქვს, მმართველ პარტია „ფაინ გეილს“ ასევე 22.2 პროცენტი. „მწვანეთა პარტიამ“ ხმების 7.1 პროცენტი მიიღო, „სოციალ-დემოკრატებმა“ კი, 2.9 პროცენტი.
„დოიჩე ველე“ წერს, რომ თუ ყველაზე ძლიერი სამი პარტია კოალიციის ფორმირებაზე უარს იტყვის, შესაძლოა, ირლანდია თვეების განმავლობაში სტაბილური მთავრობის გარეშე დარჩეს.
პარტია „შინ ფეინის“ ლიდერის, მარი ლოუ მაკდონალდის განცხადებით, მთავარი პრიორიტეტი მემარცხენე პარტიებთან, მათ შორის მწვანეებთან და სოციალ-დემოკრატებთან ერთად მთავრობის ფორმირებაა.
„დოიჩე ველე“ აღნიშნავს, რომ პარტია, „შინ ფეინის“ წარმატება მკაცრმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ და მიმდინარე საბინაო კრიზისმა გამოიწვია. პარტიას ირლანდიის გაერთიანება სურს.
„ირლანდიის რესპუბლიკური არმია“ გასამხედროებული ორგანიზაცია იყო, რომელსაც ჩრდილოეთ ირლანდიაში ბრიტანული მმართველობის დასრულება და ირლანდიის ერთ რესპუბლიკად გაერთიანება სურდა. პარტია „შინ ფეინი“, „ირლანდიის რესპუბლიკური არმიის“ ყოფილი პოლიტიკური ფრთაა.
ირლანდიის პრემიერ-მინისტრის, ლეო ვარადკარის განცხადებით, „შინ ფეინთან“ კოალიციის შექმნა არ იგეგმება. ვარადკარის პარტია ირლანდიის ხელისუფლებაში 2011 წლის შემდეგ იმყოფება.
არჩევნების საბოლოო შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.