ირლანდიის პარლამენტში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღეს 
ირლანდიის პარლამენტში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღეს 

ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის გაერთიანებულმა კომიტეტმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუცია ერთხმად მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც საგარეო უწყება განმარტავს, რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ ირლანდიის  საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის გაერთიანებული კომიტეტი ქართველ ხალხს ულოცავს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს, მიესალმება საქართველოსა და ირლანდიას შორის პოლიტიკური და სექტორული თანამშრომლობის გაზრდას, პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის ჩათვლით და მხარს უჭერს ორმხრივი სავაჭრო, ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რეზოლუცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხებს – რეზოლუციაში დადასტურებულია ირლანდიის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ვრცლად არის საუბარი კონფლიქტისა და ოკუპაციის თემატიკაზე.

„კერძოდ, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ კომიტეტი გამოხატავს შეშფოთებას სირიის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ე.წ. აღიარებასთან დაკავშირებით. ასევე, კომიტეტი შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთ-საქართველოს ომის და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციიდან 10 წლის შემდეგ, მკვეთრად არის გაუარესებული ადგილზე  უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა. კომიტეტი მხარდაჭერას უცხადებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და ხაზს უსვამს ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით ხელშესახები პროგრესის მიღწევის საჭიროებას მოლაპარაკებების არსებით საკითხებზე, რომელთა შორისაა ძალის გამოუყენებლობა, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება თავიანთ სახლებში. ამასთან, რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს 2018 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციისაკენ“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, რეზოლუციაში დადებითად არის შეფასებული საქართველოს მთავრობის მიერ უკანასკნელ პერიოდში გატარებული რეფორმები დემოკრატიის კონსოლიდაციის, ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლებისა და კარგი მმართველობის, ასევე, მთავრობის გამჭვირვალობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერების მიმართულებებით.

ამასთან, რეზოლუციაში ცალკე პარაგრაფი ეთმობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის თემას. კერძოდ, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ კომიტეტი მიესალმება საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ არსებით პროგრესს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების წარმატებული იმპლემენტაციის ჩათვლით, ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ და აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის ამოქმედება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კუთხით მიღწეული უმნიშვნელოვანესი შედეგია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ აღნიშნული რეზოლუცია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით, ირლანდიის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის გაერთიანებული კომიტეტის მიერ საქართველოს თემატიკაზე მიღებული უკვე მეორე დოკუმენტია,  რომელიც უპრეცედენტოა მისი შინაარსის, ტექსტში გამოყენებული ძლიერი ფორმულირებების და საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერის თვალსაზრისით.   რეზოლუცია  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ კომიტეტმა 2017 წლის 23 თებერვალს, ასევე ერთხმად მიიღო.