ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტმა საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს მოუსმინა
ირლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას მოუსმინა.
საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე, საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, საქართველო-ირლანდიის ურთიერთობებზე და სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე, რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასა და ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე.
„დღეს საქართველო დგას ფუნდამენტური გამოწვევების წინაშე – ოკუპაცია და გაუარესებული უსაფრთხოების გარემო. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ჩვენ სამჯერ გავხდით რუსეთის სამიზნე, რაც დასრულდა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციით და ეთნიკური წმენდით. რუსეთი ყოველდღიურ რეჟიმში, სხვადასხვა ფორმით, პროვოკაციულ ნაბიჯებს დგამს საქართველოს წინააღმდეგ და სურს სიტუაციის ესკალაცია. რაც დღეს ხდება უკრაინაში, ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რასაც წლების განმავლობაში ის საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებდა. ჩვენ შეშფოთებულები ვართ რუსეთის აგრესიული ქმედებებით უკრაინაში და მთლიანად რეგიონში. გვჯერა, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ერთადერთი გზა გადის ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობაზე და დიდი იმედი გვაქვს, რომ წელს ამ გზაზე ხელშესახები პროგრესი გვექნება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ თავის გამოსვლაში.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.