ირლანდიელი სენატორი - არც თუ ისე შორეულ მომავალში, ჩვენ ვიხილავთ საქართველოს ტერიტორიებს გამთლიანებულს
ირლანდიელი სენატორები შეშფოთებას გამოთქვამენ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების გავლებით და საქართველოს მხარდაჭერას უცხადებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ირლანდიის სენატის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პარალელურად, სენატორებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დააფიქსირეს და რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაგმეს.
სენატორ დერმუდ უილსონის განცხადებით, იგი შეძრწუნებულია საქართველოში მავთულხლართების გავლებით და გაყოფილი ოჯახებით. საკუთარ გამოსვლაში მან საქართველოში ვიზიტი გაიხსენა.
„ჩვენ საკუთარი თვალით ვიხილეთ საზღვარზე არსებული მდგომარეობა. სულის შემძვრელი იყო მავთულხლართებით გახლეჩილი ოჯახები. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დახმარების ხელს უწვდის მათ. უნდა აღინიშნოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და მათ შორის ირლანდიელი მონიტორების დამსახურებაც, რომლებიც ადგილზე, ყოველდღიურ რეჟიმში მონიტორინგს უწევენ სიტუაციას. იმედი მაქვს, სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია შეიტანს თავის წვლილს და ერთ დღეს, არც თუ ისე შორეულ მომავალში, ჩვენ ვიხილავთ საქართველოს ტერიტორიებს გამთლიანებულს და მის ხალხს გაერთიანებულს”- განაცხადა სენატორმა დერმუდ უილსონმა.
ირლანდიის სენატმა 8 ნოემბერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია ერთხმად მიიღო.