ირლანდიაში საქართველოს ელჩი - გამოვხატავ საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მტკიცე მხარდაჭერას მამაცი უკრაინელი ხალხის, მათი ღირსეული ხელისუფლების მიმართ
გამოვხატავ საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ხმამაღალ, მტკიცე მხარდაჭერას მამაცი უკრაინელი ხალხისა და მათი ღირსეული ხელისუფლების მიმართ, თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გზაზე, ჩვენ უკრაინელი მეგობრების გვერდით ვდგავართ, – ამის შესახებ ირლანდიაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზურაბაშვილმა ირლანდიის პარლამენტის ევროპის საქმეთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ელჩები მიიწვიეს.
ზურაბაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და ისაუბრა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ასევე საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე გაწეულ ძალისხმევაზე.
„ამჟამად არსებული მწვავე პოლიტიკური სიტუაციის ფონზე, გამოვხატავ საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ხმამაღალ და მტკიცე მხარდაჭერას მამაცი უკრაინელი ხალხისა და მათი ღირსეული ხელისუფლების მიმართ. თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გზაზე, ჩვენ უკრაინელი მეგობრების გვერდით ვდგავართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით, ყველა საერთაშორისო ინსტანციაში, როგორიცაა გაერო, ეუთო, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო. იმ ფონზე, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ აგრესია კვლავ გრძელდება, საქართველო რჩება კონვენციური თუ ჰიბრიდული საფრთხეების კიდევ ერთ სამიზნედ რუსეთის მხრიდან, რომელმაც აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ორი სამხედრო ბაზა უკანონოდ განათავსა. საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას 2024 წლისთვის გეგმავდა, თუმცა ახლად შექმნილმა რეალობა აღმოჩნდა სტიმული იმისათვის, რომ ევროკავშირისთვის ოფიციალური განაცხადით სწორედ ახლა მიგვემართა. ევროკავშირის წევრობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული და საბოლოო ჯამში ყველაზე ეფექტიანი საშუალება გაერთიანებულ საქართველოში შერიგების პროცესის წარმატებით დასრულებისთვის“,- განაცხადა გიორგი ზურაბიშვილმა.