ირლანდიას ახალი კოალიციური მთავრობა ჰყავს, ხოლო პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირლანდიის რესპუბლიკური პარტიის, „ფიანა-ფეილის“ ლიდერი მიშელ მარტინი დაინიშნა. სამთავრობო კოალიციაში რესპუბლიკურ „ფიანა-ფეილთან” ერთად, გაერთიანდნენ ლიბერალურ-კონსერვატიული პარტია „ფინე-გელი“ და „მწვანე პარტია“.
ირლანდიაში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც თებერვალში ჩატარებულ არჩევნებში ხმათა უმრავლესობა ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა.
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიის რესპუბლიკური არმიის პოლიტიკურმა ფრთამ „შინ-ფეინმა“ არჩევნებში კარგი შედეგი აჩვენა, „ფიანა-ფეილისა“ და „ფინე-გელის“ პარტიებმა მასთან ერთად კოალიციის შექმნაზე უარი განაცხადეს.
პარტიებს შორის შეთანხმების გათვალისწინებით, ირლანდიაში პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე ლეო ვარადკარი შეცვალა მიშელ მარტინმა, რომელიც თანამდებობაზე 2022 წლის ბოლომდე დარჩება.
ამასთან, ირლანდიაში კოალიციური მთავრობის შექმნას გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი „ტვიტერზე“ გამოეხმაურა და ირლანდიას კოალიციის შექმნა მიულოცა.
„ირლანდია ჩვენი ახლო მეზობელი, კარგი მეგობარი და მოკავშირეა ისეთ საკითხებში, როგორებიც არის კლიმატის ცვლილება, გლობალური ბრძოლა „კოვიდ-19“-ის პანდემიის წინააღმდეგ და ადამიანთა უფლებებისა და დემოკრატიის საერთო ღირებულებები“, – წერს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.