ირის ანტმანი - საქართველოს ქალთა ნაკრებით ვამაყობ, ფეხბურთელები თამაშიდან თამაშამდე ვითარდებიან #1TVSPORT
საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირის ანტმანი, ბელარუსთან ევროშესარჩევი ჯგუფის მატჩის წაგების (0:2) მიუხედავად, კმაყოფილია და ამბობს, რომ გუნდმა წინ უდიდესი ნაბიჯები გადადგა.
„ბელარუსთან კარგი მატჩი ჩავატარეთ, თუმცა ბოლო წუთებზე ორი გოლი გავუშვით. გულდაწყვეტილები ვართ, რადგან გოლის გატანის რამდენიმე შანსი გვქონდა. გოგონებმა ტაქტიკურად გამართულად ითამაშეს. ასეთი მატჩები განვითარების ნაწილია და ჩვენ ზრდას განვაგრძობთ.
ლიეტუვაში გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გავალთ. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. მებრძოლი ფეხბურთელები არიან, რომლებიც ყოველთვის განვითარებაზე ფიქრობენ, რაც თამაშიდან თამაშამდე ჩანს. სწორედ ამიტომ, ისინი იმსახურებენ გამარჯვებას.
მინდა, მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის. ისინი ძალიან ეხმარებიან გუნდს. ლიეტუვაში მოსაგებად წავალთ და ვეცდებით, ქულებით დავბრუნდეთ“.
ხუთი მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს, ლიეტუვის მსგავსად, შვიდი ქულა აქვს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ჩვენი გუნდი 16 ივლისს, მეორე ადგილისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტის, ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.
საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო ეტაპზე, პლეი ოფში თამაშის უფლებას C ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები და სამი საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს, რომლებიც საკუთარ ჯგუფებში პირველ და მესამე ადგილზე გასულ გუნდებთან მოპოვებული ქულების მიხედვით გამოვლინდებიან.