ირინა წეროძე - 2020 წლიდან 18 წლის ახალგაზრდას შესაძლებლობა ექნება, სკოლის დამთავრებისთანავე პროფესია ჰქონდეს და დასაქმდეს
2020 წლიდან 18 წლის ახალგაზრდას შესაძლებლობა ექნება, სკოლის დამთავრებისთანავე ჰქონდეს პროფესია და დასაქმდეს, – ამის შესახებ განათლების სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ირინა წეროძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს განაცხადა.
გადაცემაში საქართველოში დასაქმების პრობლემა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რამდენად დიდი როლი აქვს პროფესიულ განათლებას დასაქმების კუთხით.
წეროძის განმარტებით, სწორედ ამიტომ სახელმწიფო ცდილობს პროფესიული განათლება მთელი ქვეყნის მასშტაბით გახადოს ხელმისაწვდომი.
„ჩვენი ამოცანაა, პროფესიული განათლება ყველა მუნიციპალიტეტში ხელმისაწვდომი იყოს. დღეს ასე არაა. დღეს 40 მუნიციპალიტეტში ვართ წარმოდგენილი. არის მუნიციპალიტეტები, სადაც კერძო პროვაიდერებიც კი არ არიან. მიმდინარე წლის დარჩენილი თვეებისა და უკვე 2020 წლის მთავარი ამოცანა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა იქნება. ამ მიმართულებით რამდენიმე მოდელი გვაქვს. სამინისტრო გარკვეულ რესურსებს დახარჯავს იმ სკოლებისთვის, რომლებიც მოსწავლეებით ნაწილობრივად არიან დატვირთული, ან ფართის მხრივ აქვთ საშუალება, რომ იმავე შენობაში სულ მცირე ერთი პროფესიული პროგრამა მაინც შესთავაზონ მოსწავლეებს. ვფიქრობთ, მოწაფეებისთვის ძალიან მიმზიდველი იქნება შეთავაზება, რომელიც მეცხრე კლასის შემდეგ მოწაფეს შესაძლებლობას აძლევს, რომ მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში სკოლის ზოგადი პროგრამის პარალელურად პროფესიული განათლება მიიღონ და სულ მცირე ერთ პროფესიას დაეუფლონ. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომელსაც ყველა მშობელი და მოსწავლე გამოიყენებს. ამ გზით სახელმწიფო არ ხარჯავს თანხას, რაც ახალი კოლეჯის მშენებლობას სჭირდება. ჩვენ უფრო ეფექტიანად ვანაწილებთ ამ რესურსს და ვიღებთ მაღალ შედეგს. 2020 წლიდან შესაძლებელი იქნება, რომ ვინც 18 წელს მიაღწევს, სულ მცირე ერთი პროფესია ჰქონდეს, რომელიც მას დასაქმების შესაძლებლობას მისცემს“, – განმარტა წეროძემ.