ირინა ფუტკარაძე - საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შექმნა ორი მნიშვნელოვანი პლატფორმა, შვიდენოვანი ვებგვერდი და პროექტი „მრავალეროვანი საქართველო“
ირინა ფუტკარაძე - საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შექმნა ორი მნიშვნელოვანი პლატფორმა, შვიდენოვანი ვებგვერდი და პროექტი „მრავალეროვანი საქართველო“

საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ პრიორიტეტად განსაზღვრულია უმცირესობების ენაზე, უმცირესობების შესახებ და უმცირესობების მიერ მომზადებული პროგრამების მაუწყებლის ეთერში განთავსების საკითხი, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ირინა ფუტკარაძემ განაცხადა.

პარლამენტში ირინა ფუტკარაძე სახალხო დამცველის 2016 წლის რეკომენდაციებზე საუბრობდა.

როგორც სამეურვეო საბჭოს წევრმა აღნიშნა, გასულ წელს საზოგადოებრივი მაუწყებელში შეიქმნა გაერთიანებული შვიდენოვანი ვებპლატფორმა, სადაც აქცენტი გაკეთდა არა მხოლოდ ეროვნულ უმცირესობებზე, არამედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზეც.

„შეიქმნა საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ეთნიკურ და რელიგიური უმცირესობების  წარმომადგენლებთან. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. შექმნილია სპეციალური ჯგუფი, სადაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობს საქართველოში მოქმედი ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და ასევე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები, სპეციალური დეპარტამენტი, რომლებიც მუშაობენ ეთნიკურ მიმართულებაზე. პროექტის ამოცანას წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებულობა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოველდღიურობაში მათი ჩართულობა და მაუწყებლის მიერ წარმოებულ მედიაპროდუქტების ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრირების საკითხი”, – აღნიშნა ირინა ფუტკარაძემ.

მისივე თქმით, პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებას, ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას, მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებას, მრავალფეროვან კულტურათა დიალოგის შეწყობას.

„პროექტი ასევე ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე ეთნიკური უმცირესობების ენებზე ონლაინ, რადიო და ტელევიზიის, ასევე სხვა მედიაპროდუქციის წარმოებას. პროექტის ფარგლებში მომზადებული ინტერნეტ-რადიო პირდაპირ ეთერში 12-საათიანი რეჟიმით იმუშავებს. ფუნქციონირებას ასევე დაიწყებს ინტერნეტ ტელევიზიაც. აზერბაიჯანულად 12-საათიანი უწყვეტი პირდაპირი ეთერი იქნება ონლაინ რეჟიმში, საათში ერთხელ ახალი ამბები, ყოველდღე კი 22:00 საათზე „მოამბე“ აზერბაიჯანულ ენაზე გავა 10 გადაცემა და ეს ყველაფერი იქნება ჩვენს სპეციალური ვებგვერდზე 1tv.ge-ზე. ასევე იქნება აზერბაიჯანულ პლატფორმაზე, ვინაიდან გითხარით, რომ გვაქვს შვიდენოვანი პლატფორმა. ასევე სომხურად 12-საათიანი უწყვეტი პირდაპირი ეთერი გვექნება ონლაინ რეჟიმში, საათში ერთხელ ახალი ამბები, ყოველ დღე კი 22:00 საათზე „მოამბე“ სომხურ ენაზე გავა. მომზადდება „მოამბე“ აფხაზურ, ოსურ და რუსულ ენებზე”, – განაცხადა ირინა ფუტკარაძემ.