ირინა ფუტკარაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობა მიმართული უნდა იყოს მეტი საგანმანათლებლო პროექტისკენ და არხი ამ მიმართულებით წარმატებით მიდის
საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობა მიმართული უნდა იყოს მეტი საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტისკენ, ამიტომ მოხარული ვარ, რომ მეორე არხი სტრუქტურულად უკვე გარდაიქმნება საგანმანათლებლო არხად, – ამის შესახებ საზოგადობრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფუტკარაძემ განაცხადა.
როგორც ფუტკარაძემ აღნიშნა, ეს გარდაქმნა არხს შესაძლებლობას მისცემს, უფრო მეტ დოკუმენტურ, ანიმაციურ, შემეცნებით და მხატვრულ-გასართობ პროგრამებს მოუყაროს თავი.
„აქ მხოლოდ საგანმანათლებლო მიმართულებაზე არ გავამახვილებ ყურადღებას. მეორე არხი თავისი დეკლარირებული უფლებით, როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული, დასაბამს მისცემს ძალიანი ბევრი დარგის განვითარებას, მათ შორის ანიმაციას, დოკუმენტურ ფილმებს და ა.შ. ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმატებული ნაბიჯი, რადგან განათლება არის უპირველეს ყოვლისა და საზოგადოებრივი არხი ამ მიმართულებით ძალიან წარმატებით მიდის“, – აღნიშნა ფუტკარაძემ.
მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ექვსი ხმით მხარი დაუჭირეს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დებულებაში ცვლილებას.
ცვლილებების მიხედვით, მეორე არხი ოფიციალურად გარდაიქმნა ახალ არხად „საქართველოს პირველი არხი – განათლება“, რომელიც პროექტ „ტელესკოლას“ ეფუძნება.
გარდა ამისა, „ტელესკოლა“ უზრუნველყოფს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების შესაბამისად ტელეგაკვეთილების წარმოებას როგორც ქართული, ასევე არაქართულენოვანი სექტორისთვის; აგრეთვე აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი კონტენტის წარმოებას; შემეცნებით-საგანმანათლებლო გადაცემების/პროექტების წარმოებას; შემეცნებით-საგანმანათლებლო მექანიკური პროდუქციის (მათ შორის, მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების) განთავსებას.